მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრო: ხორცის მომწოდებელი კომპანია დარღვევების გამო 124,950 ლარით დავაჯარიმეთ

5e1f0d2514ec5
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 17:44
1866
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაყინული ხორცით მომარაგების ტენდერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტროს განცხადებით, მათ 124,950 ლარით დააჯარიმეს კომპანია "ქარვა", რომელიც სამინისტროს ხორცით 2019 წლის 31 დეკემბრამდე ამარაგებდა. ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ 2020 წლიდან მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება იმპორტირებული და გაყინული ხორცის ნაცვლად ქართული წარმოების ხორცით მომარაგდება.

"ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ - 124 950 ლარი შეადგინა.

თავდაცვის სამინისტროში, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებად, საქართველოს თავდაცვის ძალებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესება იქნა დასახული. ამ მიმართულებით მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, შეიცვალა კვების რაციონი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა, დაიწყო ყველა სასადილოს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით. ყველა ზემოაღნიშნულ რეფორმასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების კუთხით.

მათ, შორის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა. თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პროდუქციის ტენდერით შესყიდვისას ხარისხისა და გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი მომავალშიც მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდება," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

შპს "საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა" 2010 წელს დაფუძნდა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი გიორგი თაბაგარია, 100%-იანი წილის მფლობელი კი ყოფილი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას შვილი ნათია ბუკიაა. 

შპს "ქარვასთან" ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო ხორცპროდუქტებს შპს "ახალი ხორცისგან" ყიდულობს. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აქტიურად იღებს და მას სახელმწიფოსთვის 3,971,305 ლარის პროდუქცია აქვს მიწოდებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში კომპანიიდან ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორც-პროდუქტები ამოიღეს და დალუქეს. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" შპს "ახალი ხორცისგან" 720,000 ლარის პროდუქციას შეიძენს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ბიზნესმენი თემურ ხურცილავაა. 

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც "სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ" კონტრაქტი გაუფორმა შპს "კასკო 2015"-ია. სახელმწიფო "კასკო"-სგან 250,000 ლარის ღირებულების გაყინულ ღორის ხორცს შეიძენს. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს "კასკო 2015"-ის მფლობელი ბიზნესმენი ლევან კაჭარავაა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის მონაცემებით, კაჭარავამ 2017 წელს "ქართულ ოცნებას" 60,000 ლარი შესწირა. 

"კასკო 2015" საქართველოში ხორცპროდუქტებით მოვაჭრე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. 2018 წლის განმავლობაში კომპანიამ კერძო და საჯარო სექტორს 56,647,517 ლარის პროდუქცია მიაწოდა.