29.მარტი .2020 01:21

თავდაცვის სამინისტროს ექვს თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდათ

views 1018
უკან

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთან კავშირში მყოფი პირები კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. 

"დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები. ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით. 

იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება. 

მნიშვნელოვანია, ის გარემოება რომ 12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან. 
ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში,"- ნათქვამია განცხადებაში. 

29 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 და გამონაჯმრთელების 16 შემთხვევა არის აღრიცხული. კარანტინის რეჟიმში ქვეყანაში 4695 ადამიანი იმყოფება.