10.აგვისტო .2022 21:38

„თავი უნდა შევიკავოთ ეკონომიკური ზრდის შემზღუდავი ქმედებებისგან“ – PMC-ის რეკომენდაცია

„თავი უნდა შევიკავოთ ეკონომიკური ზრდის შემზღუდავი ქმედებებისგან“ – PMC-ის რეკომენდაცია
views 1157
უკან

PMC კვლევითი ცენტრი საკუთარ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ბევრად უკეთ განვითარდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს რეგიონში ომი მიმდინარეობს.

2022 წლის პირველ 6 თვეში ეკონომიკა საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული მდგრადობის ფონზე კი ბიზნესებსა და ეკონომისტებს მომავალთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები ექმნებათ.

“თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ზრდას შეიძლება განაპირობებდეს ერთჯერადი ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა:

• დაბალი საბაზისო ეფექტი იანვარსა და თებერვალში, რაც 2021 წლის აღნიშნულ თვეებში მკაცრი შეზღუდვებით აიხსნება

• დაბალი საბაზისო ეფექტი ტურიზმის არასრული აღდგენის გამო 2021 წელს

• მიგრანტების მნიშვნელოვანი შემოდინება რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან

• რუსეთიდან ფულადი გზავნილების უპრეცედენტოდ მაღალი შემოდინება

• ერთჯერადი ტრანზაქცია, რომელიც დადებითად აისახა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე 2022 წლის I კვარტალში

• ცალკეულ საქონელზე მოთხოვნისა და ფასების ზრდა, რაც დადებითად აისახა ექსპორტზე.

• ზრდა, რომელსაც თან ახლავს მაღალი ინფლაცია და პოზიტიური მოლოდინები, აგრეთვე მაღალი მოთხოვნა შრომის ბაზარზე, ადვილად შეიძლება აგვერიოს ეკონომიკის გადახურებიში, თუმცა გადახურება მოიაზრებს, რომ მაღალი ინფლაცია გამოწვეულია ეკონომიკური ზრდის ხანგრძლივი პერიოდით, რაც არ მიესადაგება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როცა ინფლაცია მეტწილად გარე ფაქტორებით არის განპირობებული.

თუმცა მაშინაც კი, თუ ამ სიტუაციას გადახურებად არ მივიჩნევთ, ასეთი ზრდა ქმნის გარკვეულ ზეწოლას ეკონომიკაზე და შესაძლოა, ჰქონდეს გადახურების მსგავსი შედეგები, როგორიცაა, მაგალითად, ხელფასებისა და ფასების ინფლაციური სპირალის რისკი. გარდა ამისა, გლობალური გაურკვევლობის ზრდას ხელს უწყობს მზარდი გლობალური ინფლაცია და გლობალური რეცესიის რისკი, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში გაჭიანურებული ომის შედეგად წარმოქმნილი მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებითა და საქონლის ფასების სწრაფი ზრდით”,-წერია მიმოხილვაში.

ამას გარდა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ახლანდელი ზრდა ინკლუზიური არ არის, რადგან საქართველოში ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა მაღალი რჩება.

“მიუხედავად იმისა, რომ ომის საერთო ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე ჯერჯერობით მართვადია, არსებობს ადამიანთა/ფირმების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ, მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა (საერთო ფასების ზრდის გამო), სტუდენტები (გაზრდილი ქირის ფასების გამო), ხორბლის გადამამუშავებელი ფირმები (ხორბლის იმპორტის პრობლემების გამო) და ა.შ”,-წერს PMC.

ორგანიზაცია მთავრობას რეკომენდაციებითაც მიმართავს და აცხადებს, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციისა ხელფასებისა და ფასების ინფლაციური სპირალის რისკის რეალიზება ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი.

იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე ინფლაცია ძირითადად გარე ფაქტორებითაა გამოწვეული და 2023 წელს მოსალოდნელია გლობალური რეცესია, ვფიქრობთ, თავი უნდა შევიკავოთ ეკონომიკური ზრდის შემზღუდავი ქმედებებისგან, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი გამკაცრება.

მაღალი ინფლაციის გამო ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა 11%-მდე გაზარდა, თუმცა გასულ კვირას ჩატარებულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაკვეთი უცვლელად დატოვეს. ამას გარდა, PMC მთავრობას მოუწოდებს გააგრძელოს მონიტორინგი, რათა ქვეყანა მეორად სანქციებში არ მოხვდეს.

“გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც გამოხატული უნდა იყოს რეალური შემოსავლების ზრდის ტემპში”,-წერია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა