10.მარტი .2021 16:15

კლუბების პერსონალი და DJ-ები 3 თვის ვადით 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ

კლუბების პერსონალი და DJ-ები 3 თვის ვადით 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ
views 652
უკან

თბილისის მერია ღამის ეკონომიკის ინდუსტრიას ფინანსურად დაეხმარება. ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს გააჟღერა. გარდა ამისა, მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განმარტებით, გამოყოფილი 2 მილიონი ლარიდან დასუბსიდირდება ღამის კლუბების საიჯარო თანხები, კომუნალური გადასახადები, ასევე დიჯეები და ელექტრონულ მუსიკასთან კავშირში მუყოფი ტექნიკური პერსონალი სახელფასო ანაზღაურებასაც მიიღებს. მისივე განმარტებით, საკითხზე შეხევდრები გაიმართა „კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციასთან“, რომლის წევრებიც არიან ღამის ეკონომიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები.

თავად ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით ლეჟავას განცხადებით, ელექტრონული მუსიკის ეკოსისტემის აღდგენის 4 პუნქტიანი გეგმა მერიას დარგის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ გასულ წელს შესთავაზეს და ის 6 თვეზე იყო გაწერილი. მისივე განმარტებით, მერიამ გეგმა განიხილა და დაამტკიცა, თუმცა მხოლოდ 3 თვეზე.

„4 პუნქტიანი გეგმა მოიცავს სივრცეებისთვის იჯარების გადახდის ხელშეწყობას, კომუნალური გადასახადების გადახდაში ხელშეწყობას, სივრცეების, ტექნიკური, შემოქმედებითი და დამხმარე პერსონალის ჰონორარს. ჰონორარები იქნება 300-დან 500 ლარამდე თითოეულ ინდივიდზე და მასში შედიან დიჯეები, კლუბები, სივრცეები, ფესტივალები, შემოქმედებითი, კულტურული და დამხმარე პერსონალი. დახმარებას მიიღებენ სამი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად“, - განაცხადა ლეჟავამ და დასძინა, რომ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 500-მდე ადამიანი.

ლეჟავას განცხადებით, სექტორი გეგმავს გაზაფხული გამოიყენოს ტესტირებების გასაკეთებლად თანამშრომლებისთვის, ასევე დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ გაიხსნან.

კითხვაზე, არის თუ არა მოლოდინი ზაფხულში გაიხსნას ღამის კლუბები, დავით ლეჟავა პასუხობს - „რთულია ამ ეტაპზე გრძელვადიან პერესპექტივაზე საუბარი. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გაზაფხული გამოვიყენოთ რომ ვიყოთ ჯანსაღად, გავიაროთ ვირუსის აფეთქების გარეშე და მოვემზადოთ, რომ ზაფხულში სივრცეებმა განაახლონ მუშაობა“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა