მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital-ი საქართველოს ეკონომიკის ზრდის წლევანდელ პროგნოზს ცვლის

60ba1c5f077e2
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.21 19:10
1025
TBC Capital-ი საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედავს - ამის შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში “თიბისის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარიამ განაცხადა. მისი თქმით, თუკი აქამდე წელს 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელოდნენ, აპრილში არსებული რეკორდულად მაღალი - 44.8%-იანი ზრდის გათვალისწინებით, საკუთარ პროგნოზს გადახედავენ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს მთავრობაც შეცვლის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის სამიზნეს და ის 4.3%-ის ნაცვლად 6.5% იქნება. ამასთანავე, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით ბიუჯეტის კორექტირებაც იგეგმება.

როგორც “თიბისის” მთავარი ეკონომისტი განმარტავს, მათი საბაზო პროგნოზის მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს მცირედით გადააჭარბებდა, თუმცა ის, რომ 2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზომა 2019 წლის მაჩვენებელს 21%-ით გადააჭარბებდა, “რთული წარმოსადგენი” იყო.

“2021 წლის ზრდაზე ჩვენ ბოლო პროგნოზი 5.5% გვქონდა. ეს მაჩვენებელი ახლა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. წელს ეკონომიკის ზრდა აუცილებლად 6%-7%-ის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება 44.8%-იან ეკონომიკურ ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ საბაზო ეფექტი მაღალი იყო, 2019 წლის დონეს, დაახლოებით, 21%-ით გადავაჭარბეთ რეალურ გამოხატულებაში. ეს რთულად წარმოსადგენი იყო.

ჩვენი პირველადი პროგნოზი, რაც 5.5% იყო, ის 2019 წლის მშპ-ის დონეზე გადაჭარბებას ითვალისწინებდა. დღეს არის ვითარება, როდესაც 2019 წელთან შედარებით ტურიზმი ნაკლებია, მაგრამ ფაქტია, რომ გაცილებით გაზრდილია ექსპორტი და ფულადი გზავნილები. გაზრდილია შიდა მოთხოვნა როგორც ფისკალური სტიმულის, ასევე საბანკო დაკრედიტების ხარჯზე. გადაჭარბება ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მოლოდინი იყო, თუმცა მემგონი უმჯობესია, ამაზე უფრო შორს არ წავალთ, ვინაიდან ეს კვლავ წინასწარი მონაცემებია, რომელიც საქსტატის მიერ დაზუსტდება. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მისი გადახედვა მოხდება, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი ინფორმაცია სექტორების დონეზე და ასევე ფასების დონეზე,” - განმარტავს ოთარ ნადარაია.