მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital-ი წელს ღვინის ექსპორტის 5%-ით შემცირებას პროგნოზირებს

62fe372009b65
მარიამ ვარადაშვილი
18.08.22 19:00
716
TBC Capital-ი მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტის 5%-იან კლებას პროგნოზირებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც ღვინის ინდუსტრიას ეხება, გასული წელი ექსპორტის კურთხით ნაყოფიერი აღმოჩნდა, თუმცა სექტორი მიმდინარე წლის მარტში ისევ გამოწვევის წინაშე დადგა, როცა რუსეთ-უკრანის ომი დაიწყო.

შედეგად, წლის პირველ ნახევარში უკრაინის ბაზარზე ექსპორტი დრამატულად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი მაისში მთლიან ექსპორტში 65%-მდეც კი გაიზარდა.

“ამის მიუხედავად მთლიან ექსპორტში კლება უმნიშვნელოა ბაზრის დივერსიფიცირებიდან გამომდინარე. ქართული ღვინის სექტორი ძალიან მგრძნობიარეა გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების მიმართ. მოსალოდნელია, რომ 2022 წლის დარჩენილი ნაწილი ტურბულენტური იქნება უკრაინაში მიმდინარე ომისა და ენერგო კრიზისის გათვალისწინებით. ჩვენი მოლოდინით ქართული ღვინისთვის უკრაინის ბაზარი 2022 წლის დარჩენილ პერიოდშიც ხელმისაწვდომი არ იქნება. ამ ფაქტორს რუსეთში მოთხოვნა და დივერსიფიკაციის მაჩვენებელი ნაწილობრივ დააკომპენსირებს. ჩვენი გათვლებით 2022 წელს ღვინის ექსპორტი წლიურად 5%-ით შემცირდება. ამასთან, ჩვენი პროგნოზით დივერსიფიკაციის ნელი, თუმცა მზარდი ტემპია 2023 წელს მოსალოდნელი, შედეგად, ექსპორტი წლიური 7%-ით გაიზრდება. 2024 წლიდან უკრაინის ბაზარი აღდგენას დაიწყებს და ნელ-ნელა მოხდება ძველ პოზიციებთან დაბრუნება”,-წერია კვლევაში.

2022 წლის ექვს თვეში საქართველოდან ჯამში 98 მლნ დოლარის მოცულობის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 58% ისევ რუსეთზე მოდის. გასულ წელს როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, ისე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით 16%-ით გაიზარდა. რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტში კვლავ დომინანტური პოზიცია ეკავა და მთლიანი ექსპორტის 56% რუსეთზე მოდიოდა.

თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, თვიურ ჭრილში რუსეთზე დამოკიდებულება განსაკუთრებით მაისში გაიზარდა, როცა ღვინის ექსპორტის 65% რუსეთზე მოდიოდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ივნისში 59%-მდე შემცირდა. ჯამში მიმდინარე წელს თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი მოცულობის 20 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი ივნისში განხორციელდა. რაც შეეხება უკრაინას, მისი წილი გასული წლის მონაცემებით 10%-ს შეადგენდა, 2021 წელს უკრაინაში საქართველოდან 12 921 321 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.