მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მათი განცხადება უპასუხისმგებლოა“ - დავითაშვილის პასუხი მეხორბლეებს

61e577cb1c425
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.22 18:01
1060
„ვფიქრობ, მათ მიერ გაკეთებული განცხადება უპასუხისმგებლოა“ - ასე პასუხობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმიდან ხელმოწერის გაწვევას შეეხება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნული მემორანდუმით, კერძო სექტორი ქვეყანაში ორთვიანი ხორბლის მარაგების არსებობის შესახებ პასუხისმგებლობას იღებს.

მისი განმარტებით, სამინისტრო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ბიზნესის მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებს, რადგან სახელმწიფოს ფუნქცია სხვადასხვა ინდუსტრიებს შორის ბალანსის დაცვაა.

„სასურსათო მარაგების მონიტორინგს მუდმივად ვახორციელებთ. ვფიქრობ, უპასუხისმგებლოა მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმიდან გადიან. ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკის სწორად და ადექვატურად დაგეგმვისთვის სჭირდება, ამიტომ ბიზნესს პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ, იმედი მაქვს ასეც იქნება.

მეორე - პანდემიის დაწყებისას, როდესაც მარაგების საფრთხე დავინახეთ მყისიერი ნაბიჯები გადავდგით და ქვეყანას სასურსათო უზრუნველყოფისა და მომარაგების კუთხით პრობლემები არ შეგვქმნია, მათ შორის ხორბალთან მიმართებით და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ასეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ქვეყანას ჩვენი ინტერვენციის შედეგად დამატებითი მარაგები ჰქონდეს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის ბაზარზე მსოფლიოში რთული ვითარებაა, გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა პანდემიის პირობებში დგამს.

პანდემიამ ბევრი უხერხულობა შექმნა სასურსათო პროდუქტების მომარაგების კუთხით და ბევრი გაურკვევლობა იყო პანდემიის დასაწყისში. ბევრმა ქვეყანამ არაორდინალური და არარაციონალური ნაბიჯები გადადგა. ეს ტენდენცია გრძელდება იმ გაგებით, რომ ბევრი ქვეყანა არაადექვატურად დიდ მარაგებს ქმნის, ხდება რაციონალურზე უფრო მეტი შესყიდვები, ჩარევები და ა.შ. ეს თავის თავში ეკონომიკურ მდგენელსაც მოიცავს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები ისე გადავჭრათ, რომ ადექვატური მარაგები გვქონდეს და მოსახლეობას ესა თუ ის პროდუქტი უწყვეტად მიეწოდებოდეს; მეორე - მნიშვნელოვანია, რომ ეს რაც შეიძლება იაფად და სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები დანახარჯებით ხდებოდეს, ანუ ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და რა თქმა უნდა, ბიზნესის ინტერესებში იქნება, იმიტომ რომ ეს ინტერესები უნდა დავაბალანსოთ. ისე რომ ცალმხრივად რომ მოვითხოვოთ ერთი მიმართულებით ინტერესების გათვალისწინება და ჩვენ მხოლოდ ერთი მონაწილის ინტერესი გავითვალისწინოთ, ეს არ გამოვა. მაგრამ მათი ინტერესების დაბალანსება - ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პრემიერი საქმის კურსშია და ინფორმაცია ხორბალთან დაკავშირებით, მას ყოველდღიურად მიეწოდება.

„თუ ჩვენ რამის მოფიქრება და მოგვარება შეგვიძლია იმ დიალოგის რეჟიმში, რომელიც ჩვენ სექტორთან გვაქვს, ერთობლივად შეგვიძლია მოვაგვაროთ, მათ შორის ხორბლის გადამამუშავებელ და წისქვილების ასოციაციასთან რეგულარული მოლაპარაკება გვაქვს.

შედეგად ჩვენ გავაგრძელებთ მწარმოებლებთან დიალოგს და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივალთ; მეორე - უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იზიარებს და აცნობიერებს; მესამე - არაორდინალური ვითარებაა, რაც ამა თუ იმ ქვეყნის არარაციონალური გადაწყვეტილებებით არის განპირობებული, ამის დაბალანსებას ჩვენ შევეცდებით.

ასევე დაველოდებით თებერვალს, როდესაც მომავალი წლის მოსავალთან მიმართების ახალი პროგნოზების გაკეთება ხდება, რადგან ეს პროგნოზები შემდგომში ხორბლის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების და ფასების შესახებ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.