მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის წინააღმდეგობის მიუხედავად ჯანდაცვაში რეფორმების გატარება გარდაუვალია - პრემიერი

5ef5c6526be7f
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.20 13:55
1246
როგორც სელექტიური კონტრაქტირება, ასევე ტარიფიკაციის ის მოდელები, რომელსაც ჩვენ ახლა ვნერგავთ არის გარდაუვალი და ეს უნდა მივიღოთ - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში ერთწლიაინი მოხსენების წარდგენისას ჯანდაცვის სისტემაში საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„სამედიცინო ინფრასტრუქტურის ელემენტარული ხელმისაწვდომობა იყო ის პირველი ამოცანა, რომელიც ჯანდაცვის სისტემას უნდა გადაეწყვიტა, თუმცა ამის შემდგომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სისტემის განვითარებიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები უდგება, რაც პირდაპირ არის სისტემის შემდგომი განვითარების მდგრადობის შენარჩუნება. სწორედ ამ მდგრადობის შენარჩუნების მიზანი იყო ის რეფორმები, რომელიც იყო დაწყებული როგორც ტარიფიკაციით, ასევე სელექტიური კონტრაქტირების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, კერძო სექტორის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად ეს რეფორმები ჯანდაცვის სისტემას მდგრადი განვითარების შენარჩუნებისთვის ესაჭიროება.

„მესმის, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის ბევრი მოთამაშისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო, მაგრამ ყველა მათგანი აღიარებს, რომ სისტემას სჭირდება მეტი, იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ კოლაფსის წინაშე, ამიტომ ეს ის გარდაუვალი რეფორმებია, რომელიც სისტემამ უნდა გაატაროს ყველა შემთხვევაში და ამას ჩვენ თანმიმდევრულად ფრთხილად ბიზნესის და ჯანდაცვის სისტემის გათვალისწინებით გავაკეთებთ და გავაკეთებთ ერთად.

გვესმის, რომ აქ იქნება გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში უნდა იყოს მდგრადი და უნდა შეეძლოს ყოველდღიური შემდგომი პროგრესირება და განვითარება. ამიტომ როგორც სელექტიური კონტრაქტირება, ასევე ტარიფიკაციის ის მოდელები, რომელსაც ჩვენ ახლა ვნერგავთ არის გარდაუვალი და ეს უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გახარიამ.