მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC UZ-ში წელს $28 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდო - 2023 წლის გეგმა

644fc809b1d63
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.23 23:40
882
TBC Bank-ის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, 2023 წელს TBC UZ-ის განვითარებისთვის ინვესტიციის მოცულობამ 28 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ უზბეკური გამოცემა The MUG წერს, რომელმაც TBC Bank-ის გენდირექტორთან ინტერვიუ ჩაწერა.

„ახლა ძალიან საინტერესო დროა და კეთილსაიმედო საინვესტიციო კლიმატი როგორც ზოგადად TBC Bank-ისთვის, ისე კონკრეტულად უზბეკეთის საბანკო სფეროსთვის. ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან ვთანამშრომლობთ. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბიზნესის განვითარებისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის ახლა სწორი დრო და დიდი პერსპექტივები არსებობს.

მხოლოდ მიმდინარე წელს ინვესტიციის მოცულობამ 28 მლნ დოლარი შეადგინა. ვფიქრობთ, საბანკო ბიზნესში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ. დღეს TBC Bank Uzbekistan საცალო ბიზნესითა არის დაკავებული, თუმცა წლის ბოლოსთვის - მომდევნო წლის დასაწყისისთვის მიკრობიზნესის მომსახურებაზე გადავიდეთ. ვთვლით, რომ ამ სფეროს დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, ზოგადად კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყანაში ეკონომიკისა და წარმოების განვითარების“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ Space International-ი "თიბისი ჯგუფის" პირველი საერთაშორისო ქართული ფინტექ-კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა და მალევე, საერთაშორისო კომპანიად იქცა. დღეს, Space International-ის ბაზაზე აწყობილი კომპანიები საქართველოსა და უზბეკეთში ოპერირებს. საერთო ჯამში, კომპანიას სამ მილიონ მომხმარებელზე მეტი ჰყავს, ამათგან ორი მილიონი – უზბეკეთში. უზბეკეთში, ისევე, როგორც საქართველოში, ბანკი სრულად ციფრულია.

ამასთან, "თიბისი ჯგუფი" უზბეკეთში კიდევ ერთ ფინტექ-პლატფორმას, Payme-ს ფლობს. Payme-ი ონლაინგადახდების უდიდესი პლატფორმაა ყაზახეთში, რომელსაც ხუთ მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ უზბეკეთის ბაზარზე გამოჩენიდან ორნახევარი წლის შემდეგ, Space International-ის ბაზაზე შექმნილი ქართული ნეობანკის, TBC UZ-ის აპლიკაცია ოთხ მილიონჯერ გადმოწერეს, - ამის შესახებ ინფორმაცია Space International-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ნიკა ქურდიანმა LinkedIn-ში დაწერა.