მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილღვინო“ უცხოეთში - 70-ზე მეტი პარტნიორი კომპანია მსოფლიოს 30 ქვეყანაში (R)

61489410838c3
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.21 18:31
903
წლების განმავლობაში, „თბილღვინომ“ აღიარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიპოვა. გასულ - 2020 წელს კი ექსპორტზე „თბილღვინოს“ წარმოების 34 დასახლების 5.054 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.

კომპანიის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, ექსპორტის გუნდის შრომის, სურვილისა და მისწრაფების შედეგად „თბილღვინომ“ 5 ახალი პარტნიორი შეიძინა. მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსების შედეგებმა კი, როგორიცაა Decanter, IWC და IWSC, რთულ პირობებში შესაძლებლობები გაზარდა. თბილღვინო 2021 წლის იანვარში Majestic Wine-ს პარნიორი გახდა.

Majestic Wine დიდი ბრიტანეთის ღვინის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 190-ზე მეტი მაღაზიითა და ონლაინ სერვისით არის წარმოდგენილი 2021 წელს „თბილღვინო“ დანიის ბაზარზეც გამოჩნდა, სადაც ღვინის ადგილობრივ მოყვარულებს ქვევრისა და ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

„რამდენიმე წელია, რაც „თბილღვინო“ კანადის ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ყოველწლიურად, უცხოურ ღვინოს კანადის მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები ხელახლა გავლა უწევს. გვსურს, სიამაყით აღვნიშნოთ, რომ „თბილღვინომ“კანადის სახელმწიფო შემოწმება წელსაც გაიარა, რაც ქართული ღვინისთვის უდიდესი წარმატებაა“, - აცხადებენ კომპანიაში.

„თბილღვინოში“ მიიჩნევენ, რომ დიდი ბრიტანეთი მაღალი ხარისხის და ინდივიდუალური ხასიათის ღვინოებს ძალიან აფასებს, ამიტომაც, იქ განვითარებისთვის მეტი სივრცეა.

„ბრიტანეთი ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიული ქვეყანაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ რთული რეგულაციებია პროდუქტთან მიმართებაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ბრიტანეთის ბაზარზე ვართ წარმოდგენილები. ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინო დღემდე ნიშურ პროდუქტად რჩება. ახალგაზრდა მომხმარებელს, რომელიც განსხვავებულ და ახალ გემოებს ეძებს, ქართული მეთოდით ღვინის წარმოების პროცესი და გემო, ქვევრის კულტურა და განსხვავებული ვაზის ჯიშები, მათ შორის საფერავი ძალიან ხიბლავთ“, - აცხადებს „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი.

ღვინის მაგისტრი სარა ებოტი კი ამბობს: „დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის საუკეთესო ადგილია - ახალგაზრდა თაობა, ახალ და განსხვავებულ პროდუქტებს ეძებს. მას იზიდავს ქართული, უძველესი ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად ქვევრის გამოყენება და საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშები, განსაკუთრებით საფერავი“.

„თბილღვინოს“ 2018 წლის საფერავს ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტული IWC 2020 London-ზე მიენიჭა, რაც ისტორიაში ქართული ღვინისთვის პირველია.

„საფერავი ინტენსიური არომატით, მწიფე ქლიავისა და ხილის ყვავილოვანი სურნელებით გამოირჩევა. ახალგაზრდული, ხანგრძლივი დაბოლოებით“, - ამბობენ კომპანიაში.

დიდი ბრიტანეთის ტენდენციების კვალდაკვალ, თბილღვინომ ახალი ქარვისფერი ღვინის წარმოება დაიწყო, რომელიც ექსკლუზიური გემოთი და ხარისხით გამოირჩევა. „თბილღვინოში“ ამბობენ, რომ ღვინომ დიდი მოწონება სახელგანთქმული The Wine Society-ს თავგადასავლების მოყვარულ წევრებს შორის დაიმსახურა. ცნობისთვის, The Wine Society ღვინის საზოგადოებაა, რომელიც ღვინის მოყვარულებს, ექსპერტებსა და ენთუზიასტებს 1874 წლიდან აერთიანებს.

ამასთან, 2021 წელს კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორი პოლონეთში, ჩინეთსა და რუსეთში დაიმატა. „სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე მოსახვედრად, ჩვენს ღვინოებს ხარისხის უმკაცრესი კონტროლის გავლა უწევს. მაგალითისთვის, კანადაში, მიუხედავად სახელმწიფო კონტროლის უმკაცრესი ზომებისა, „თბილღვინომ“ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და კანადის ბაზარზე, კვებეკის პროვინციაში მოწინავე ქართულ ღვინოდ შევიდა. ეს რთული გზა დასტურია იმისა, რომ კომპანია ზრუნავს მუდმივ განვითარებაზე და მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის მოყვარულთა ყურადღების მოპოვებას ცდილობს“, - აცხადებენ კომპანიაში.