მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილღვინომ“ 2020 წელი 7%-იანი ზრდით დაასრულა - დამფუძნებელი

61472563ad4eb
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.21 20:00
822
„თბილღვინოს“ დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი კომპანიისთვის გასულ პანდემიურ წელს აფასებს და ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად, კომპანიამ 2019 წელთან შედარებით, გასული წელი 7%-იანი ზრდით დაასრულა.

„Forbes კვირასთან“ საუბარში მან ისეთ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საერთაშრისო ბაზარზე ღვინის გაყიდვებისას მნიშვნელოვანია.

„2020 წელი რთული, მაგრამ მაინც წარმატებული იყო. ზრდა დიდი არ იყო. წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 7%-იანი ზრდა გვქონდა. მობილიზება საკმაოდ ჩქარა შევძელით, დავამყარეთ მჭიდრო კონტაქტები ძირითად პარტნიორებთან, ყველასთან ვერა, რადგან 30-ზე მეტ ქვეყანაში ვყიდით ღვინოს და თითოეულ მათგანში რამდენიმე პარტნიორი გვყავს, ჯამში, მათი რიცხვი 70-მდეა. ამიტომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები შევარჩიეთ და მათთან კრიზისის დაძლევის პროგრამები შევიმუშავეთ, რაც გამოიხატებოდა გაზრდილ მარკეტინგულ ბიუჯეტებში და აქტივობებში - მჭიდრო დისტანციურ კომუნიკაციებში, აქტიურ ჩართვებსა და მიმდინარე საკითხების გავლაში.

ღვინო ისეთი პროდუქტია, რომელიც პერსონალურ მიდგომას, ადამიანებთან ურთიერთობას, საუბარს საჭიროებს. ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას გვაძლევდნენ და ონლაინ დეგუსტაციებს ვატარებდით და ჩვენს პარტნიორებს პრეზენტაციებს ვუგზავნიდით. ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ საქართველოში ონლაინ მაღაზია შევქმენით, რომელსაც 4 მლნ-მდე ადამიანზე წვდომა აქვს და ძალიან წარმატებული პროექტია, თუმცა საქართველოში ჩვენ მნიშვნელოვანი ვარდნა გვქონდა, რადგან ადგილობრივი გაყიდვები ტურიზმზეა დამოკიდებული და ამიტომ ის გაგვინახევრდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი წარმოების 90% ექსპორტზე მოდის და ნორმალური ზრდა გვქონდა, საბოლოო ჯამში, კრიზისი დავძლიეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.