მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილღვინომ“ უკრაინაში ექსპორტი განაახლა, რუსეთში - არა

6319ef42e38fd
თელარა გელანტია
08.09.22 18:10
848
„თბილღვინომ“ უკრაინაში ექსპორტი განაახლა, რუსეთში - არა. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტორში კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა.

აღსანიშნია, რომ „თბილღვინო“ ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია იყო, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და ვაჭრობის აღდგენას, ჯერჯერობით, არ აპირებს.

„მოგეხსენებათ, ომის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთი თვის თავზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთში დროებით გადატვირთვები შეგვეჩერებინა. ეს დღემდე გრძელდება და ჩვენ რუსეთში გადატვირთვები შეჩერებული გვაქვს. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ პრინციპში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკებთან ვთანამშრომლობთ და ის ე.წ. გეგმები და პროგნოზები, რომლებიც რუსეთის ბაზართან დაკავშირებით არსებობს, მაღალი რისკის შემცველია. თავისთავად ფულის გადახდის პროცესი გართულებულია, და გარდა ამისა, რადგან საკმაოდ დივერსიფიცირებულები ვართ და ცნობილია, რომ „თბილღვინო“ ქართულ ღვინოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს საკითხი რეპუტაციულ რისკებსაც შეიცავდა. გვჯერა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. დღემდე გადატვირთვები შეჩერებული გვაქვს. ეს დროებითი მოვლენაა, სიტუაციის გაუმჯობესებას, დამშვიდებას დაველოდებით და მერე შეიძლება მივიღოთ ის გადაწყვეტილება.

- ყველა თანხმდება, რომ რუსეთი რისკიანი ბაზარია, მაგრამ ქართულ ბიზნესს მისი სიდიდე ხიბლავს... თქვენ როგორ ძლიეთ ამ ცდუნებას და რა იყო მთავარი ფაქტორები, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანათ - უფრო რეპუტაცია, თუ უფრო გრძელვადიანი ბიზნესხედვა?

ორივე კუთხით მნიშვნელოვანი რისკი დავინახეთ - როგორც რეპუტაციული, ისე საშუალო და გრძელვადიანი, რადგან ჩვენ ასევე იმ ვითარებაში ვიყავით, რომ იმაზე ბევრად მეტი უნდა გადაგვეტვირთა რუსეთში, ვიდრე წლის დასაწყისში, ომამდე იყო დაგეგმილი. დავინახეთ, რომ ეს რისკი იყო, რომ ჩვენ გავზრდილიყავით გადატვირთვებში, რაღაც დროის შემდეგ კი ეს ყველაფერი, რადგან თავიდანვე სარისკო იყო, შეიძლება შემცირებულიყო. ამას არაპროგნოზირებადობა დავარქვით და ამ რისკიანი გადაწყვეტილების მიღებისგან დროებით თავი შევიკავეთ.

სამაგიეროდ, ამის საპირწონედ, ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც დიდი ხანია ვიყიდებით, ჩვენს პარტნიორებთან აქტივობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ. ასევე, ისეთ ბაზრებზე დავიწყეთ მუშაობა, სადაც ქართული ღვინო ჯერ ნაკლებადაა წარმოდგენილი, მაგრამ ღვინის მოხმარების კუთხით მოწინავე ადგილზე არიან.

ამდენად, „თბილღვინო“ რუსეთში ექსპორტის შეჩერებით, კომფორტის ზონიდან გამოვიდა და ახალი შესაძლებლობების ძიება დაიწყო როგორც არსებულ, ისე ახალ ბაზრებზე. ეს ძალიან საინტერესო და ამავე დროს წარმატებული პროცესია.

- რა წილი ეკავა თქვენს წლიურ გაყიდვებში რუსეთს? რამდენ მილიონ ბოთლს ყიდდით იქ წლიურად?

რუსეთს ჩვენს გაყიდვებში, დაახლოებით, 20%-22% უნდა დაეკავებინა. ეს რაოდენობრივად 1.5 მლნ ბოთლია, საიდანაც მეხუთედი გაგზავნილი გვქონდა. ანუ უარი 1.2 – 1.3 მლნ ბოთლის გარანტირებულ გაყიდვებზე ვთქვით უარი. სამაგიეროდ, კიდევ ვიმეორებ, ეს გადაწყვეტილება არ იყო არც ემოციური... მითუმეტეს ჩვენ მაქსიმალურად არაპოლიტიზებული კომპანია ვართ, და ეს იყო გუნდში, რამდენიმე კვირიანი შეფასების, ანალიზის შედეგი. რა თქმა უნდა ემოციებიც იყო, მაგრამ შევეცადეთ, რომ ციფრებსა და განჭვრეტადი რაოდენობის ჭრილში შეგვეხედა.

- ანუ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან „თბილღვინოზე“ მოთხოვნა აშკარად მაღალია, მაინც უარი თქვით იქ ექსპორტზე?...

ჩვენ ისეთი რუსული სავაჭრო ქსელებიდან მოგვდიოდა მოთხოვნა, რომლებიც ომამდე არ გვიღებდნენ, რადგან ძირითადად იაფფასიან ქართულ ღვინოს ყიდდნენ, რადგან რუსეთში ღვინის გარკვეული დეფიციტი გაჩნდა, რადგან მსოფლიოში ბევრი წამყვანი ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთში ექსპორტი დროებით გაეჩერებინა. რუსეთში ცდილობენ, რომ საიდანაც შეძლებდნენ იქიდან შეივსონ ეს დეფიციტი, ამიტომ ჩვენ ახლა ახალი შესაძლებლობების ძიების პროცესში ვართ.

- რაც შეეხება უკრაინას - ხომ არ მოახერხეთ უკვე ექსპორტის განახლება და რა დოზით?

მიმდინარე წლის ივნისიდან უკრაინაში გადატვირთვები დავიწყეთ. თანამშრომლობას სამ პარტნიორთან ვაგრძელებთ, რომლებიც წლებია გვყავს და ასევე გაზაფხულის პერიოდში ორი ახალი დავიმატეთ. ერთთან უკვე განხორციელდა გადატვირთვა, მეორესთან ახლა სექტემბერში მოხდება გატანა.

- რა წილი ჰქონდა ამ ბაზარს თქვენს გაყიდვებში და როგორია აღდგენის ტემპი?

ომამდე უკრაინაზე გაყიდვების 9-10% მოდიოდა. შესაბამისად, ომის გამო ჩვენ ამ 9-10%-ის გარკვეული რაოდენობა დავკარგეთ. წლის ბოლოს შევაჯამებთ - თუ რა რიცხვებზე გავალთ.

- გადატვირთვები პრობლემების გარეშე მიმდინარეობს?

მიმდინარე საკითხებია.. მაგალითად უკრაინაში ვალუტის გადარიცხვაზე შეზღუდვები იყო. მაგ. იყო პროდუქტების სია, რომლის საყიდლად შეიძლებოდა დოლარი გასულიყო ქვეყნიდან, ღვინო ამ სიაში არ შედიოდა. იგივე ივნისში გადატვირთვების დაწყებისას იმის გამო, რომ იქ სტაბილური პარტნიორები გვყავს, იმის გამო, რომ ჩვენ თაროზე ადგილი არ დაგვეკარგა, არამედ გავძლიერებულიყავით, გარკვეული რისკების შემცველი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამის გაკეთება ღირდა. ექსპორტის განახლების შემდეგ უკრაინაში გადახდის საკითხიც მოგვარებულია. ამასთან, ტრანსპორტირება მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევთ გაძვირებული ტრანსპორტირება ჩვენს თავზე ავიღოთ, რათა უკრაინელ პარტნიორებთან უწყვეტი ბიზნეს ოპერაციები გვქონდეს.

- პირადად მე არ მსმენია და თქვენ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ღვინის ინდუსტრიიდან კიდევ ვინ შეაჩერა რუსეთში ექსპორტი?

მე შეიძლება არ მსმენია. ვერ გეტყვით. არ მაქვს ინფორმაცია.