11.იანვარი .2020 19:45

თბილისი-ბათუმის მატარებლის რეისზე ქუთაისში გაჩერების დამატება - ვინ ამბობს უარს ინიციატივაზე

views 8600
უკან

ახალგაზრდა გიდების ასოციაცია თბილისი–ბათუმის რეისზე მოძრავი მატარებლების ქუთაისში, "რიონჰესის" სადგურზე 15 წუთით გაჩერებას ანუ ამ მარშრუტში ქუთაისის სადგურის ჩასმას მოითხოვს, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მის ამ ინიციატივას ქუთაისის მერი და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მხარს არ უჭერენ. 

ბერეკაშვილის თქმით, ასოციაციამ საკუთარი ინიციატივა ქუთაისის მერს გიორგი ჭირღვაიას და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს გუშინ გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა, სადაც ტურიზმის ცენტრის წლის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინეს.


"ჩვენ ვითხოვეთ, თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელის დროებითი გაჩერება გაკეთებულიყო ქუთაისის ერთ-ერთ რიონჰესის სადგურზე, სადაც ისედაც ჩერდება თბილისი-ფოთის და თბილისი-ზუგდიდის მატარებელი, ანუ არის სადგური, არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, იმისთვის რომ მსგავსი გაჩერებები მიიღოს სადგურმა. და თუ მოხდებოდა ჩქაროსნული მატარებლის 15 წუთით დაყოვნება ამ სადგურზე, იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ ამას არ სჭირდება ახალი სადგურის აშენება, დამატებით ინფრასტრუქტურის მოწყობა და დამატებითი ხარჯების გაწევა. უბრალოდ სჭირდება ნება ქალაქისგან რომ მოითხოვოს რკინიგზას გაჩერების უზრუნველყოფა", - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ის მატარებლები, რომლებიც თბილისიდან ქუთაისის, ფოთის და ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობენ, ძალიან ძველია, ხოლო ტურისტებს სათანადო სერვისი უნდა მიაწოდოთ, რომ მოხდეს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

"ქუთაისში ბევრი ტურისტი ვერ ჩამოდის ამ შესაძლებლობის არ არსებობის გამო. ქუთაისი ბათუმი-თბილისის მარშრუტში ამოგდებულია. ტურისტული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ქუთაისი ძალიან ბევრ ტურისტს კარგავს ამის გამო. ქალაქში ჩამოსული ტურისტები, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, კომფორტულად, ჩქაროსნული მატარებლის სერვისით თბილისის, ან ბათუმის მიმართულებით გადაადგილებით ისარგებლონ. ახლა თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მოძრავ მატარებელში არაჰიგიენური ნორმებია, ზაფხულში გაუსაძლისი მდგომარეობაა და ტურისტები ასეთი მატარებლით მგზავრობენ. მე ვფიქრობ, რომ ქალაქი იმსახურებს უკეთეს სერვისს.

მეორე საკითხია ის, რომ ქუთაისის მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას, ქუთაისიდან ჩქაროსნული მატარებლის სერვისით ისარგებლოს. ფინანსური კუთხითაც რომ შეხედონ, რკინიგზის დეპარტამენტში მათთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა ამ დიდი ქალაქის მარშრუტში დამატება.

გუშინ გვქონდა შეხვედრა, რომელსაც ქალაქის მერი და იმერეთის მხარის გუბერნატორი ესწრებოდნენ და იქ ვთხოვე მათ, რომ მოეთხოვათ რკინიგზის დეპარტამენტში, დროებით მოწყობილიყო მსგავსი გაჩერება "რიონჰესის" სადგურზე. რეგიონს ოფიციალურად უნდა მოეთხოვა რკინიგზისთვის გაჩერების დამატება და შესაძლოა, ამის განხილვაც მომხდარიყო რკინიგზაში. კულუარებიდან ვიცი, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა არ არის მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერის წინააღმდეგი.

სიმართლე გითხრათ, ასეთ პირდაპირ უარს არ ველოდით, გვეგონა განიხილავდნენ ჩვენს შეთავაზებას. მათ კი გადაჭრით გვითხრეს, რომ მხოლოდ აეროპორტთან სადგურის მოწყობის საკითხს განიხილავდნენ, რომელიც 2016 წელს უნდა დამთავრებულიყო და დღემდე დაუსრულებელია. ჩვენი ინიციტივა მოიცავდა იმას, რომ სანამ  აეროპორტთან სადგური მოეწყობოდა, რომელიც ბევრ თანხასა და დროს მოითხოვს, ქუთაისში უკვე არსებულ სადგურზე მომხდარიყო ჩვენი მიერთება", - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი და დასძენს, რომ ქუთაისში, "რიონჰესის" რკინიგზის სადგურამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა ახალი გაკეთებულია.

BM.GE საკითხთან დაკავშირებით იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატსა და "საქართველოს რკინიგზას" მიმართავს და მათ პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა