მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას 177 მილიონით უზრდის

60e2bad8e1e7f
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.21 12:12
926
2021 წლის ბიუჯეტში კორექტირებები შევა, რის შედეგადაც მთავრობის მთლიანი ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით გაიზრდება. მათ შორის 177 მილიონი ლარით გაიზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. 

არსებული ბიუჯეტით სამინისტროს დაფინანსება 477 მილიონი ლარია, შესაბამისად მისი ბიუჯეტი 654 მილიონი ლარი გახდება. ჯერჯერობით უცნობია რაზე დაიხარჯება დამატებული 177 მილიონი ლარი, თუმცა სავარაუდოდ ის მოხმარდება ისეთ პროექტეებს, როგორიცაა ერთიანი აგროპროექტი და რთველის დაფინანსება. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ბიუჯეტის ცვლილება ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. შეცვლილი პარამეტრებით საქართველოს ეკონომიკის მიზნობრივი ზრდა 7.7% იქნება. ფინანსთა მინისტრის თქმით, წელს საგადასახადო შემოსავლები პირვანდელ გეგმასთან შედარებით 720 მილიონი ლარით გაიზრდება. 

კონკრეტული სამინისტროებისთვის და პროგრამებისთვის დაფინანსების მატება ასეთია:

• დამატებით 446 მილიონი ლარი ჯანდაცვის ხარჯებზე მიიმართება;
• ბავშვთა სოციალური დახმარების გაორმაგებაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• დევნილთა განსახლებაზე დამატებით 35 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• სოფლის მეურნეობის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 177 მილიონი ლარი;
• ეკონომიკის ხელშეწყობისთვის დამატებით გამოიყოფა55 მილიონი ლარი;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით 220 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• განათლების დაფინანსება 40 მილიონი ლარით იზრდება;
• სპორტის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება;
• 30 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

7.5%-დან 6.9%-მდე მცირდება წლევანდელი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. სახელმწიფო ვალის მოცულობა კი 60%-დან 54.6%-მდე მცირდება. 

ბიუჯეტში ცვლილებების განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება.