მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობის დადგენილებას შემდეგ კვირას ელიან

5ee0c6a670d69
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.20 15:57
2151
მთავრობის მიერ დეველოპერული სექტორის ხელშეწყობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაანონსებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების ასამოქმედებლად ბანკები მთავრობის დადგენილებას მომავალ კვირას ელოდებიან, - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, პროგრამის ამოქმედების თარიღი უცნობია, რადგან დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ ბანკების დაკონტრაქტება დაიწყება.

"სამწუხაროდ, კონკრეტულად ჯერ ვერ ვიტყვით როდის დაიწყება პროგრამა. ძირითადი მონახაზი, რომელიც ცნობილია, უკვე გვაქვს. რეალურად მიმდინარეობს ჩვენთვის ცნობილი დეტალების შესახებ მუშაობა ბანკების მხრიდან, რომ პროდუქტის ნაწილში მოხდეს ამის ასახვა. მთავრობასთან და სააგენტოსთან - "აწარმოე საქართველოში" მიდის აქტიური მუშაობა, კონტრაქტის მომზადება და ველოდებით დადგენილებას, რომელიც დააზუსტებს გარკვეულ დეტალებს.  ჩემი ინფორმაციით, დადგენილება ერთ კვირაში უნდა იყოს მზად“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი იმ დეტალებზე გვესაუბრა, რომელიც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტის მიხედვით არის ცნობილი და რომელზეც დღეს ბანკები მუშაობენ, რათა ახალი შეთავაზებები პროდუქტებში ასახონ.

„200 000 ლარამდე იპოთეკურ სესხებზე სესხის პროცენტის 4 პროცენტული პუნქტით სუბსიდირება 5 წლის განმავლობაში - ამაზეა საუბარი. მხოლოდ პირველადი ბაზარი იქნება ჩართული. ასევე, შესაძლებელია 200 000 ლარამდე რამდენიმე სესხი გაიცეს; 1 უძრავი ქონება მხოლოდ ერთ სესხზე იქნება დაგირავებული და არ შეიძლება, რამდენიმე სესხი გავიდეს ერთი იპოთეკის ქვეშ. ანუ ფიზიკურ პირს შეუძლია იყიდოს ორი ბინა, მაგალითად, 50 000 ლარიანი და 70 000 ლარიანი და ორივე მოხვდება ამ პროექტში, მაგრამ მესამე ბინას თუ შეიძენს 200 000 ლარიანს, ის ვეღარ მოხვდება, რადგან ლიმიტირებულ მაჩვენებელს გადაცდება. მეორე საკითხია, რომ თქვენ თუ იპოთეკით იღებთ სესხს და ერთმა ბანკმა მოგცათ 200 000 ლარი და ამავე ბინის უზრუნველყოფით მანქანის სესხიც თუ გინდათ, ამ ბინას მანქანის სესხისთვის ვერ დააგირავებთ", - განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.