მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ენერჯიმ" 2018 წელი 18 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა

5dade1c445de5
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.19 00:03
1100
“თბილისი ენერჯიმ”  ანუ ყოფილმა “ყაზტრანსგაზმა” 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომპანიის ფინანსურ და მმართველობით ანგარიშგებებს აერთიანებს.

EY-ის მიერ მომზადებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს “თბილისი ენერჯიმ” 610 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაყიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 20 მილიონი კუბური მეტრით ნაკლები იყო. რეალიზაციის შემცირება კომპანიის შემოსავალზეც აისახა და ის 2,049,301 ლარით შემცირდა.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ “ყაზტრანსგაზმა” მოგებაზე გასვლა ვერც 2018 წელს შეძლო და საქმიანობა 17,926,720 ლარის ზარალით დაასრულა.

გასული წლების განმავლობაში “თბილისი ენერჯის” ზარალი ასეთი იყო:

2018 წელს ზარალი 17,926,720 ლარი;
2017 წელს ზარალი 11,808,424 ლარი;
2016 წელს ზარალი 45,399,675 ლარი.

2018 წლის ბოლოს კომპანიის მესაკუთრე შეიცვალა. იქამდე “ყაზტრანსგაზის” მფლობელს ყაზახური სს “ყაზმუნაი გაზი” ფლობდა. დღეს მისი მფლობელია კომპანია შპს “ვოლთბეი”. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

2018 წლის განმავლობაში “თბილისი ენერჯი” სპეციალური მართვის რეჟიმში იმყოფებოდა, რომელიც კომპანიას 2009 წლიდან დაუწესდა. სემეკის გადაწყვეტილებით, სპეციალური მართვა მხოლოდ 2019 წლის 30 აპრილს დასრულდა.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “თბილისი ენერჯის” მილსადენების სიგრძე 2,389 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მთლიანი აქტივების ღირებულება 139,607,607 ლარს შეადგენს.

რატომ არის კომპანია ზარალზე?

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის ზარალიანობის ძირითად მიზეზს გასაყიდი ბუნებრივი აირის მაღალი თვითღირებულება, განაწილების მაღალი ხარჯი, ასევე კურსთაშორისი სხვაობა იწვევს. “თბილისი ენერჯი” ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობს, ხოლო მისი რეალიზაციის საფასური კი, ლარშია ნომინირებული. კურსის მერყეობის შემთხვევაში კომპანიას სარეალიზაციო ფასის ცვლილების შესაძლებლობა არ აქვს, რადგანაც ის სემეკ-ის მიერ არის დადგენილი. მხოლოდ კურსთაშორისი სხვაობიდან “თბილისი ენერჯიმ” 2018 წელს 11,479,765 ლარი იზარალა.

“თბილისი ენერჯის” არბიტრაჟი და გასხვისება

2018 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისს” მესაკუთრე შეეცვალა. კომპანია ქართულმა ჰოლდინგმა CBS ჯგუფმა მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია WALTBAY LTD-ის მეშვეობით შეიძინა. კომპანიის დამფუძნებლები ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და დავით ბეჟუაშვილი არიან.

2018 წლის 27 აგვისტოს მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც “ყაზტრანსგაზ-თბილისს” საბიუჯეტო დავალიანება ჩამოეწერა. ჩამოწერა ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რის შედეგადაც ყაზახურ მხარესთან დაწყებული საარბიტრაჟო დავა მორიგებით დასრულდა.

კომპანია WALTBAY LTD-ს მიერ ყაზახეთისთვის შეთავაზებული პირობების მიხედვით, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” ყაზახური მშობელი კომპანიისთვის არსებულ დავალიანებას საკუთარ თავზე იღებდა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოსთხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა.

საბოლოოდ, WALTBAY LTD-მ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან გათავისუფლდა.