მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისი ენერჯიმ” 2021 წელი 64-მილიონიანი მოგებით დაასრულა

62d3cc8143f37
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.22 12:44
1449
“თბილისი ენერჯიმ”, რომელიც დედაქალაქში ბუნებრივი აირის მიმწოდებელია, 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიამ 64.5 მილიონი ლარის წმინდა მოგების გამომუშავება შეძლო.

კომპანიის მოგების ზრდა გაზრდილმა შემოსავალმა განაპირობა. კერძოდ, 2020 წელს “თბილისი ენერჯის” შემოსავალი 302 მილიონი ლარი იყო, რაც სატარიფო ცვლილებებისა და გაზრდილი მოხმარების გამო 363.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, კომპანიის მოგებაც 2020 წლის 13.5 მილიონი ლარიდან 64.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

2021 წლის თებერვლიდან “თბილისი ენერჯის” კომერციული აბონენტებისთვის გაზის ტარიფი კუბურ მეტრზე 84 თეთრიდან 1.1 ლარამდე გაიზარდა. ამავე წლის 1 ივნისიდან კი საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი 46.1 თეთრიდან 53.9 თეთრამდე გაიზარდა.

გასული წლის განმავლობაში კომპანიამ სულ 674 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი იყო.

კომპანია გასულ წელს 498,322 საყოფაცხოვრებო და 19,577 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს ემსახურებოდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “თბილისი ენერჯისთვის” უმთავრეს ხარჯს ბუნებრივი აირის შესყიდვა წარმოადგენს, რაშიც კომპანიამ 2021 წელს 244.3 მილიონი ლარი გადაიხადა. შემდეგ ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები, რაზეც “თბილისი ენერჯიმ” 24 მილიონი ლარი დახარჯა, კომპანიის ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 11 მილიონი, გაზის ტრანსპორტირების საფასური კი 13 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის ჯამური აქტივები 217 მილიონ ლარს შეადგენს. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქციონერები ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია და Neqsol ჯგუფის დამფუძნებელი, ნასიბ ჰასანოვი არიან.

“2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-ის მფლობელი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვოლთბეი“ („მშობელი კომპანია“), რომელიც დაფუძნებულია მარშალის კუნძულებზე 2016 წლის 30 აგვისტოს. 2019 წელს მშობელ კომპანიაში 50%-იანი წილი შეისყიდა Weco investment and finance S.A.-მ. 2021 წლისა და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საბოლოო მფლობელები იყვნენ საქართველოს მოქალაქე – ბატონი ხვიჩა მაქაცარია და აზერბაიჯანის მოქალაქე – ბატონი ნასიბ ჰასანოვი,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კომპანიას მის აქციონერებზე მოგების განაწილება არ მოუხდენია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიას გააჩნია სავაჭრო და კრედიტორული დავალიანებები. კერძოდ, 2021 წელს მისი დავალიანება ბუნებრივი აირის შესყიდვაზე 2020 წელს არსებული 69 მილიონი ლარიდან, 90.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

“კომპანიის სოციალური სექტორისთვის განკუთვნილ ტარიფებს სემეკი არეგულირებს. 2021 წელს სოციალურ სექტორზე გაყიდვებმა კომპანიის გაყიდვების 66.26% შეადგინა (2020 წ.: 65.02%). იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასები აშშ დოლარში განისაზღვრება, ხოლო გასაყიდი ტარიფი ლარში, ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მერყეობა სერიოზულ საოპერაციო რისკს უქმნის კომპანიას. კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა სემეკს გასაყიდი ტარიფების გაზრდის მოთხოვნით და 2021 წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო გასაყიდი ტარიფების გაზრდა,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.