მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-რუსთავის ავტობანზე სამუშაოებისთვის 2020 წელს მთავრობა თანხას ვერ გამოყოფს - მიზეზები

5da08e0991c0c
დავით ჯალაღონია
11.10.19 22:00
4343
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობის დასრულებას კვლავ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა უშლის ხელს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა. ამ პროექტის განვითარებაზე კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ბეგაძემ დასვა და აღნიშნა, რომ თუ მომავალი წლისთვის ამ მიმართულებით თანხა გამოყოფილი არ არის, მთავრობამ სამუშაოების დასასრულებლად რესურსები უნდა გამოყოს და პრობლემის გადასაჭრელად გამოსავალი იპოვოს.

„ეს მონაკვეთი სამ ნაწილად არის დაყოფილი, პირველი და მესამე მონაკვეთები პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს და დარჩენულია მეორე პროგრამა - 3 კილომეტრი და 200 მეტრის სიგრძის. რამდენიმე ფაქტორზე მინდა ყურადღების გამახვილება - როდესაც მეორე ეტაპის სამუშაოებს ვიწყებდით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაუკვეთა შენობების მდგრადობასთან დაკავშირებული შესწავლა, რომელიც უცხოურმა სააერთაშორისო კომპანიამ განახორციელა და ჩვენ ყველანაირი კვლევა გვქონდა გაკეთებული, როცა გზის მშენებლობის საკითხზე მუშაობა დავიწყეთ. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკს ცალკე ჰქონდა შენობების მდგრადობასთან დაკავშირებით კვლევა, ასევე - ცალკე შესწავლა ხმაურთან დაკავშირებით. სხვადასხვა გადაწყვეტები შევთავაზეთ მიმდინარე ტერიტორიებზე არსებული კორპუსების მაცხოვრებლებს, თუმცა მათი მხრიდან წინააღმდეგობა არის.

გარდა ამისა, მიუხედავდ იმისა, რომ მათთან ზემოქმედება არ ხდებოდა, ჩვენ შევეცადეთ იქ არსებული ტერიტორიიდან დაახლოებით 800 მეტრის დაშორებაზე პარკების მოწყობა, აზიის განვთარების ბანკთან შეთანხმებით შევიდა კონტრაქტორი, რომ სამუშაოები დაეწყო, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ კონტრაქტორს სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცა.

აქედან გამომდინარე, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ გავაჩეროთ ამ მეორე მონაკვეთთან დაკავშირებით სამუშაოები, სანამ არ იქნება მიღწეული შეთანხმება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა, რომ განსახლება განხორციელდეს და განსახლების თანხის ოდენობა საკმაოდ დიდია, რასაც ითხოვენ. ეს არის 900-დან 1000 დოლარამდე ერთ კვადრატულ მეტრზე“, - განმარტა მზია გიორგობიანმა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს მთავრობას ამ მონაკვეთისთვის თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს, მუნიციპალური განვითარების ფონდი გარკვეულ სამუშაოებს მაინც განახორციელებს.

„განხორციელდება არსებული მონაკვეთის დაერთება დღეს არსებულ სამ-კილომეტრიან მონაკვეთზე და ის გზა დროებით გაჩერებული იქნება, სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ასევე ორ წერტილში განსაზღვრულია, სად უნდა დაერთდეს (ჯერ კიდევ დაუსრულებელი გზის მონაკვეთი) და იქ გამავლობა იქნება მოწესრიგებული“, - აღნიშნა მან.