16.სექტემბერი .2020 15:33

„თბილისის დეკლარაცია“ შემდეგ თვეებში ტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს“ - პოლოლიკაშვილი

views 407
უკან

„ძალიან საინტერესო იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლობის ჯგუფთან ერთად მსჯელობა, თუ რა პრობლემებია დღეს ტურიზმში პანდემიის შემდგომ ეტაპზე და როგორ შეიძლება ვეძებოთ გამოსავალი", - ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. 

"დღის ბოლომდე ჩამოვაყალიბებთ „თბილისის დეკლარაციას,“ რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში. სექტორი ჯერ კიდევ კრიზისშია და მზად უნდა ვიყოთ, რომ სათანადო პასუხი გავცეთ გამოწვევებს. გვერდში უნდა დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, მსოფლიო მასშტაბით, ტურიზმის სექტორში“, - თქვა პოლოლიკაშვილმა.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ, შეინარჩუნონ ბალანსი, რომ შესაძლებელი იყოს მოგზაურობაც და უსაფრთხოების პირობების დაცვაც.

„UNWTO-ს საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა არის მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა ტურისტების მისაღებად. ვფიქრობ, არამარტო საქართველოს, ყველა ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, გარკვეული ახალი წესებით გააგრძელოს ცხოვრება ტურიზმის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.