მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანებაზე შეზღუდვები იხსნება - ცვლილება გენგეგმაში

5f05b9d49e74a
BM.GE
08.07.20 16:18
9580
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის" მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.

მერიის ინფორმაციით, დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.

თბილისის ურბანულის განვითარების სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს თბილისის ზღვის უბნის მოსახლეობას გაესაუბრა და სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"ახალი გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები დაედო, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდთ განვითარების შესაძლებლობა. დღეს შევხვდი თბილისის ზღვის არეალთან დაკავშირებით კონკრეტულ ჯგუფს, თუმცა დედაქალაქში არის სხვა ტერიტორიებიც, სადაც გვხვდება მსგავსი პრობლემა. რეალურად, ყეველას მოეხსნება ეს შეზღუდვები და შეეძლებათ ძველი გენგემით დადგენილი ზონების დაბრუნება", - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

თბილისის მთავრობის დღევანელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მასზე დეპუტატები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.