04.მაისი .2021 21:13

თბილისის მერია 101 მილიონ ლარად გარე განათებას ყიდულობს

თბილისის მერია 101 მილიონ ლარად გარე განათებას ყიდულობს
views 3244
უკან

თბილისის მერია გარე განათებების სისტემის გამოცვლაზე 100.8 მილიონ ლარს დახარჯავს. LED ნათურების შესასყიდად მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფმა" 3 ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

33.5 მლნ ლარის, 32.7 მლნ ლარის და 34.5 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერებით ჯამში 100,000 LED განათების შეძენა არის დაგეგმილი.

თბილისის მთავრობის 28 აპრილის განკარგგულების თანახმად, თბილისის მერიამ "თბილსერვის ჯგუფს" შესყიდული LED სანათების ფასი 10 წლის განმავლობაში "ეტაპობრივი გადახდით" უნდა აუნაზღაუროს. ამ შესყიდვის ღირებულების დაფინანსების წყაროდ მითითებულია ის ეკონომია, რასაც დედაქალაქის ბიუჯეტი სოდიუმის გარე განათების ნათურების LED ნათურებით ჩანაცვლებით მიიღებს, რადგან ახალი LED ნათურები სოდიუმის განათებებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ - შესაბამისად მათი შენახვა დედაქალაქის გადასახადის გადამხდელებს უფრო იაფი  დაუჯდებათ. 

თავად სატენდერო განაცხადშიც ნათქვამია, რომ "თბილსერვის ჯგუფი" ამ LED ნათურების საფასურს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 120 თვის ვადაში, ანუ 10 წელში გადაუხდის. ამასთან, მწარმოებელთან ანგარიშსწორების ხელშეკრულება უცხოურ ვალუტაში უნდა დაიდოს, მაგრამ მას ფიქსირებული კურსი ექნება.

"გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო), შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში ან ევროში) მიხედვით,"- ნათქვამია დოკუმენტში.

საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თავად თბილისის მერიაც. რომელიც აცხადებს, რომ გარე განათების სისტემის ოპერარირება ყოველწლიურად 22 მლნ ლარი ჯდება.

"დედაქალაქის გარე განათების განახლებისთვის, "თბილსერვის ჯგუფის" მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საჭიროა 11 კატეგორიის 100 000 LED სანათის შესყიდვა. აღნიშნული სანათების ჯამური ღირებულებაა 100 781 200 ლარი.

დღესდღეობით, თბილისის მუნიციპალიტეტი გარე განათების მიმართულებით ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 22 000 000 ლარს, აქედან ელექტროენერგიის ხარჯი არის 13 500 000 ლარი, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯი 8 500 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სოდიუმის არსებული ნათურები, რომელიც მოძველებულია, ფაქტობრივად, არსად გამოყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავი ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ისინი ჩანაცვლდეს ეკონომიური და უსაფრთხო ნათურებით.

აღნიშნული პროექტი იმდენად ეკონომიურია, რომ ელექტროენერგიის და მომსახურების დანაზოგის სახით, დედაქალაქს, წლის განმავლობაში, 10 მლნ ლარით შეუმცირდება ხარჯები. სწორედ ამ დაზოგილი თანხით იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებით არცერთი თეთრის გაღება არ მოუწევს. მიღებული ეკონომიის ხარჯზე, 10 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაიფარება პროექტის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფაქტობრივად წაუგებელია დედაქალაქისათვის, რადგან ამ პროექტის დასრულების შედეგად, დამატებითი თანხის მობილიზების გარეშე, ჩვენი დედაქალაქი მიიღებს მრავალმილიონიან ხარჯვით დანაზოგს, ასევე, სახელმწიფო მიიღებს გამოთავისუფლებულ 8 მგ/სთ ელექტროენერგიის სიმძლავრეს, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქს და ევროსტანდარტების შესაბამის განათებას თბილისში,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სატენდერო პირობების თანახმად, სანათის მწარმოებელს ბოლო 5 წლის განმავლობაში EU-ს ტერიტორიაზე არანაკლებ 200,000 გარე განათების სანათის მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ხოლო ამ კონტრაქტების ღირებულება კი ლარებში მინიმუმ 100 მილიონი ლარი უნდა იყოს.

ამასთანავე, სატენდერო პირობების მიხედვით, შესასყიდ LED სანათებს უნდა ჰქონდეთ სერტიფიკატი, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა არანაკლებ 100,000 საათი, ანუ 11.4 სრული კალენდარული წელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა