მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 29 მლნ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს

5e8ae9fc5f536
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.20 13:43
7669
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს. შესაბამისად, ერთი მიკროავტობუსის სავარაუდო ღირებულება ტენდერში 96,666 ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღეს დედაქალაქში M2 კატეგორიის ავტობუსებით ანუ მიკროავტობუსებით მომსახურების სერვისს არა თავად “თბილისის სატრანსპორტო კომპანია,” არამედ “თბილისის მიკროავტობუსის” ჰოლდინგში გაერთიანებული ოთხი კერძო კომპანია - „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“ და შპს „ფაბლიქ ქარი” უზრუნველყოფენ.

ამასთან, ერთად სატენდერო პირობებიდან ირკვევა, რომ იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, “მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.

სატენდერო აღწერილობის მიხედვით, მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება, ხოლო ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრუნვა გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 30 მილიონი ლარი უნდა იყოს. ამასთან ერთად, პირობების მიხედვით პრეტენდენტს თბილისში ან თბილისიდან 30 კილომეტრის ფარგლებში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი.

შესასყიდი მიკროავტობუსის ზუსტი გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

სიგრძე - არაუმეტეს 6.97 მეტრი;
სიგანე - არაუმეტეს 2.5 მეტრი;
სიმაღლე - არაუმეტეს 2.9 მეტრი;
ძრავი - დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ ევრო V ემისიის სტანდარტის შესაბამისი;
ძრავის მოცულობა - არაუმეტეს 3.0 ლიტრი;
ძრავის სიმძლავრე - არანაკლებ 130 ცხენის ძალა;
საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე - ქალაქში არაუმეტეს 10 ლიტრისა.