მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაციას უტენდეროდ, 4.2-მილიონად გეგმავს

62b956cd7fd1a
BM.GE
27.06.22 21:24
1546
თბილისის მერია ავლაბრის მეტროს სადგურის რეაბილიტაციას უტენდეროდ, გამარტივებული წესით გეგმავს. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განცხადებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პროექტის უტენდეროდ განხორციელება საპროექტო სამუშაოების ჩატარების არაერთხელ გადავადებამ განაპირობა.

განცხადების თანახმად, პროექტის ღირებულება 4.2 მილიონი ლარია.

“მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს მეტროსადგურ „ავლაბარი“-ს ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები.

2017 წელს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაკვეთით მეტროსადგურ „ავლაბარი“-ს კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიწყო უცხოური საწარმოს ფილიალი - „სსს კიევმეტრომშენის წარმომადგენლობამ“, მაგრამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რის გამოც მეტროსადგურ „ავლაბარი“-ს ზედა ვესტიბიულის სარემონტო სამუშაოები დღემდე არ არის დასრულებული.

ვინაიდან სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა ისეთი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რომელიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციით, ამიტომ საჭირო გახდა სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისად, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოების განხორციელება. ამ მიზნით არაერთხელ იქნა გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც არ შედგა მონაწილეთა არ არსებობის გამო. საბოლოოდ 2020 წლის 17 ივლისს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“-სა და შპს „ვეგა+“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება №0300/30/134, რომლის საფუძველზეც შპს „ვეგა+“-ს უნდა მოემზადებინა მეტროსადგურ „ავლაბარი“-ს არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინ-პროექტი, თუმცა 2021 წლის 10 სექტემბერს დასრულდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და იმის გამო, რომ კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

იმის გათვალისწინებით, რომ მეტროსადგური წარმოადგენს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან რთული ტიპის სპეციფიკურ ობიექტს, ამ დროის განმავლობაში კომპანიის მხრიდან, დედაქალაქის მერიის ჩართულობით, პერმანენტულად მიმდინარეობდა საპროექტო ორგანიზაციებთან კონსულტაციები, განახლებული ტექნიკური დავალებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გასამზადებლად, რომელთა სისრულეში მოყვანისა და დედაქალაქის მერიის მხრიდან დავალების მიღებისთანავე (იხ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 9 თებერვლის ოქმი №5), შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მყისიერად დაიწყო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო პროცედურები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 თებერვლის №637 და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 11 მარტის №442 განკარგულებების საფუძველზე შპს „არტსტუდიო პროექტისგან“ შესყიდულ იქნა აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით თბილისში, ისნის რაიონში მიმდინარეობს ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ქეთევან დედოფლის მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაც. ახალი არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით იცვლება ქეთევან დედოფლის მოედნის არქიტექტურა, რაც იწვევს მოედნის მიმდებარედ არსებული მეტროსადგურ „ავლაბარი“-ს ექსტერიერის ახალ არქიტექტურულ კონცეფციასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტროსადგურ „ავლაბარი“-ს ზედა ვესტიბიულის საინჟინრო სისტემები, როგორიცაა წყალ-კანალიზაცია, ელ. მომარაგება, სუსტი დენები და სხვა, რომლებიც გაცვეთილი და მოძველებულია, საჭიროებს განახლებას, რისი განხორციელებაც ქეთევან დედოფლის მოედნის რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულების შემდეგ შეუძლებელი იქნება, ვინაიდან სადგურის საინჟინრო ქსელების დაერთება ქალაქის ქსელებთან ხდება სწორედ ქეთევან დედოფლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტული სამუშაო უნდა შესრულდეს მნიშვნელოვან მასშტაბურ პროექტთან კოორდინაციაში, შეზღუდულ ვადაში, რათა არ შეფერხდეს მისი თანმდევი სამუშაოები,”- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის მერიის მიერ წარდგენილ განცხადებაში.