მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია „დირსის“ მიერ დასმულ პრობლემებს სასწრაფოდ უნდა გამოეხმაუროს - აფბა

611b83445680b
BM.GE
17.08.21 14:12
707
„შეშფოთებას იწვევს ახლახანს კომპანია AS Georgia - დირსის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლითაც ინვესტორმა ხელისუფლებას ხელშეწყობისკენ მოუწოდა“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი სერიოზული შეშფოთება გამოიწვია დეველოპერულ სექტორში მომუშავე უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის, AS Georgia - დირსის მიერ საჯაროდ გავრცელებულმა განცხადებამ, სადაც ის ხელისუფლებას ხელშეწყობისკენ მოუწოდებს და გადაულახავ პრობლემად მოჰყავს ისეთი, პრაქტიკულად უმნიშვნელო ფაქტები, რაც, არც ერთ შემთხვევაში, პრობლემად და ინვესტორისთვის საქმიანობაში ხელშემშლელ ფაქტორად, არ უნდა ყალიბდებოდეს.

ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია, რომ კომპანია, რომელსაც დედაქალაქის დეველოპერულ სექტორში უკვე აქვს განხორციელებული 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და რომლის საინვესტიციო გეგმებიც 1 მლრდ დოლარის მოცულობაზე ადის, ბიუროკრატიულ თავბრუს ხვევაში ეხვეოდეს, და იძულებული ხდებოდეს ხელისუფლებას საჯაროდ მიმართოს და იმ ხელშეწყობისკენ მიუთითოს, რომლისკენაც ინვესტორისადმი კეთილგანწყობილი ხელისუფლება თავად უპირობოდ უნდა იყოს მონდომებული. ჩვენ ვერ ვიხსენებთ მეორე ინვესტორ კომპანიას, ვისაც მსგავსი მოცულობის განხორციელებული ინვესტიციის ფონზე, პროცესის გახუთმაგება ჰქონდეს დაგეგმილი. ამდენად, ბუნებრივია, მსგავსი საინვესტიციო მასშტაბის კომპანიას, არა გაუგებარი საბაბებით ხელშეშლა, არამედ განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება.

კონკრეტული საკითხის მოგვარება, რაც ინვესტორს საქმიანობაში უშლის ხელს, ჩვენი ღრმა რწმენით, იოლია. საქმე ეხება „დირსის“ ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნას. ეს ნაგებობა დგას ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც, სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულების შესაბამისად, 2023 წლისთვის, „დირსმა“ სარეკრეაციო პარკის გაშენება და კეთილმოწყობა უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, არანაკლებ გაუგებარია მეორე ფაქტი, რაზეც „დირსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევეა საუბარი. კერძოდ, ტერიტორიაზე, რომელზედაც კომპანიას საინვესტიციო ინტერესი აქვს გამოხატული და სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, პარალელურად იდგმება ასევე უკანონო ბარაკული ტიპის შენობა და გაურკვეველი ხდება მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის სამომავლო ბედი.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საერთოდ სცდება ლოგიკის და რაციოს ფარგლებს. კომპანია აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე აგებულ ამ უკანონო შენობაში კანონდამრღვევმა მოახერხა, მოიპოვა ნებართვა და „თელასს“ ელექტროენერგია შეაყვანინა. ჩინოვნიკური თვითნებობის რა ხარისხის შემთხვევასთან გვაქვს აქ საქმე, უბრალოდ გაუგებარია!

მიგვაჩნია, რომ „დირსის“ მიერ საჯაროდ დასმული ეს საკითხები თბილისის მერიამ განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა აიყვანოს, მათ სასწრაფოდ უნდა გამოეხმაუროს და დროის უმოკლეს მონაკვეთში უნდა გამოასწოროს ყველა ის ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი ხარვეზი, რაც ინვესტორ კომპანიას ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში. პრობლემის მოგვარებაში ასევე უნდა ჩაერთონ დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატები და საკითხი გონივრულ დროში უნდა მივიდეს ადეკვატურ გადაწყვეტილებამდე.

აფბა ყურადღებით დააკვირდება „დირსის“ ამ შემთხვევას და მისი განვითარების კვალდაკვალ საკუთარ პოზიციას კიდევ დააფიქსირებს. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში, როცა რეალური ინვესტიციები კრიტიკულადაა შემცირებული და სანთლით არის საძებნი, უკვე მოპოვებული ინვესტორის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა, უბრალოდ დანაშაულებრივი საქციელია“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(NS)