მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ე.წ. კორტების ტერიტორიას ყიდის - პირობები

5eb26b19db319
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.20 11:47
5250
"ყოფილი კორტების მიმდებარედ ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის საპრივატიზაციოდ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, კორტების ტერიტორიის გასხვისება მოხდება გარკვეული პირობების თანახმად და ინვესტორი ვალდებული იქნება, ამ ადგილას სპორტული კომპლექსი აღადგინოს.

„დღეს ჩვენ საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს ეს კონკრეტული ადგილი. აღნიშნული ქონება საპრივატიზაციოდ გაგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. ტერიტორიაზე უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები, ეს სავალდებულო იქნება; ასევე, სავალდებულო იქნება მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის საპრივატიზაციოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერს კორტების პრივატიზების პროცესში ბიზნეს სექტორის მხრიდან აქტივობის მოლოდინი აქვს. მან კორტების გასხვისებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნების შესახებაც ისაუბრა.

„იპოდრომის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს ტერიტორია იყო გასხვისებული,იმისთვის რომ აშენებულიყო საცხოვრებელი და სასტუმრო ნაგებობი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა ეს ფართი. გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ინვესტორთან, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და დავიბრუნეთ ეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მოსახლეობაც შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ იქ უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი კორპუსები“, - ამბობს მერი.