მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია საახალწლო ილუმინაციების შესაძენად ყოველ წელს აპირებს ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას

5df115ffce17f
მარიამ ადამია
11.12.19 21:00
2320
„თბილისი არ იყო განათებული წინა წლებში საახალწლოდ ისე, როგორც შეეფერება მას, ამიტომაც ყოველ წელს ვიძენთ ილუმინაციებს, ძველი კი გადადის რაიონებში“ - ამის შესახებ, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, რომეო მიქაუტაძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, ყოველწლიურად ილუმინაციების შესყიდვით, თბილისი ყოველწლიურად უფრო ლამაზი და განათებულია.

„ილუმინაციების დამონტაჟება მთელი თბილისის მასშტაბით დასკვნით ეტაპზეა გადასული და დარჩენილია მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და ორბელიანის მოედნის მოწყობა. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქალაქი იყოს განათებული, ლამაზი და სიცოცხლით სავსე. ამიტომაც ყოველწლიურად თბილისის მერია ამ მიზნით გამოყოფს თანხას, წელს კი 3 მილიონ ლარამდე იხარჯება. წინასწარ რთულია გითხრათ, მომავალ წელსაც იგივე რაოდენობის თანხას გამოვყოფთ თუ არა, თუმცა, ვნახოთ რა იქნება მოთხოვნა მომავალ წელს და შესაბამისად განხორციელდება შესყიდვაც,“ - აღნიშნა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა.

მიუქაუტაძის თქმით, წელს, წინა წელთან შედარებით ბევრი ქუჩა დაემატა, სადაც ახალი ილუმინაციები დამონტაჟდა და ეს არეალი ყოველწლიურად იზრდება და გაიზრდება კიდეც, რადგან ბევრი თხოვნა შედის საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ ლოკაციების განათების შესახებ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდს თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ თბილისის მერიამ მილანურ კომპანიასთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 700 ათასზე მეტი განათებისთვის, მილიონ ასი ათასი კი ახალი იტალიური ნაძვის ხისთვის გამოიყო, როდესაც გასულ წელს თბილისის ბიუჯეტიდან საშობაო მორთულობებისთვის 4 მილიონზე მეტი დაიხარჯა, მაშინ დედაქალაქის მერი აცხადებდა, რომ აპარატურა ძვირია, თუმცა, ის მაღალხარისხიანია და დიდხანს გაძლებდა. მაშინ რატომ გახდა წელს დამატებითი მილიონების გამოყოფა საჭირო და რატომ იძენს საახალწლო აღჭურვილობას ქალაქის მერია ყოველთვის იტალიური კომპანიისგან, პასუხი გაურკვეველია.