მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თბილისის მერია შესყიდვების სააგენტოს აკნინებს”- იურისტი ავარიული შენობების გამარტივებულ შესყიდვას აკრიტიკებს

62e932c60c272
ანუკა ჯოხაძე
02.08.22 20:56
963
თბილისის მერია ვარკეთილში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ახალი შენობით ჩანაცვლებაზე 7.5 მილიონ ლარს დახარჯავს. პროექტს მერიის დაქვემდებარებაში არსებული “თბილისის განვითარების ფონდი” განახორციელებს. კორპუსის ჩანაცვლება ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით მოხდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კომპანიასთან გაფორმდება შესაბამისი კონტრაქტი.

ერთ-ერთი არგუმენტი თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის მერიამ შენობის კონკურსის გარეშე გამარტივებული წესით ჩატარება, შესყიდვის პირობებია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე კორპუსის ჩანაცვლება 7.5 მლნ დაჯდება, ბიუჯეტიდან საპილოტე პროექტზე 1 მლნ ლარი გამოიყოფა, დანარჩენი 6 მლნ ლარი კი ნამატი ფართებით დაკომპენსირდება.

თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ასეთი შესყიდვა პრაქტიკაში არ განხორციელებულა, ხოლო საპილოტე პროექტის შესრულება მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

თბილისის მერიის არგუმენტებს აბსურდულს უწოდებს იურისტი ბადრი ნიაური, რომელიც ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ თბილისის მერია აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში კონტრაქტორს თანხის ნაწილს შენობის ნამატი ფართებით დაუკომპენსირებს, არ გამორიცხავს, რომ შესყიდვა შესაძლებელია ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული პროცედურებით განხორციელდეს. მისი თქმით, თბილისის მერია ამ განცხადებით სახელმწიფო შესყიდვების სისტემას აკნინებს.

“ეს არის კლასიკური მაგალითი, როდესაც ერთი ინსტიტუცია აკნინებს მეორეს. კერძოდ მერია აკნინებს შესყიდვების სააგენტოს. აქამდე ვიცოდით, რომ იდეალური შესყიდვების სისტემა გვაქვს. თბილისის მერიის არგუმენტი გამარტივებული შესყიდვის ჩატარებასთან დაკავშირებით არის აბსურდი. გამარტივებული შესყიდვა არის მხოლოდ პროცედურა და არაფერი საერთო არ აქვს მას გადახდის ფორმასთან. ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, ნების შემთხვევაში ბუნებრივია გამოცხადდება ჩვეულებრივი ტენდერი, სადაც პირობაში ჩაიწერებოდა ის, რასაც მერია ღაღადებს. გადახდის ფორმად პირობითად ფართების გადაცემა არის ფინანსურ ენაზე იგივე თანხის გადახდა", -აცხადებს იურისტი ბადრი ნიაური.