მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ტალღას ზაფხულში აანონსებს

6203751a6d886
ინგა მურუსიძე
09.02.22 12:18
6826
თბილისის მერია ზაფხულში ტაქსების რეფორმის მესამე ტალღას აანონსებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რეფორმის პირველი ტალღა ტაქსების ლიცენზირებას, მეორე კი კატეგორიების მინიჭებას ითვალისწინებდა, თუმცა რა ცვლილებებია მოსალოდნელი შემდეგი ტალღის დროს, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

„უკვე დაანონსებული გვაქვს ტაქსების რეფორმების შემდეგი ფაზა. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და უკვე ვასრულებთ შიდა სამუშაოებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს კონსულტაციები ტაქსის მძღოლებთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას შევხვდეთ და ყველას გავესაუბროთ. ზაფხულისთვის უკვე ვიქნებით სრულად მზად იმისთვის, რომ ამ რეფორმის შემდეგი ეტაპი განვახორციელოთ", - განაცხადა კალაძემ.

მან დღესვე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც A-კატეგორიის(თეთრი ტაქსი) ტაქსების მძღოლებისთვის საავტობუსე ზოლებში მგზავრის ჩამოსმის და აყვანის შესაძლებლობა მიეცემათ ისე, რომ ამისთვის არ დაჯარიმდებიან.