მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ ნაგვის ურნები იტალიური კომპანიისგან ტენდერის გარეშე, დაუსაბუთებლად შეიძინა – აუდიტი

61a3a106368a6
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.21 20:00
2730
მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა თბილისის განვითარების ფონდმა ნაგვის ურნები იტალიური კომპანიისგან ტედერის გარეშე შეიძინა და არ დაასაბუთა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს ეხება.

საუბარია 300 ერთეულ ნაგვის ურნაზე, რომლის საერთო ღირებულება 224 ათასი ევრო იყო და რომელიც იტალიური კომპანიისგან – Studio Citta–სგან შეიძინეს.

ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდას, ხოლო მიმწოდებელი განახორციელებდა საქონლის თბილისამდე ტრანსპორტირებას. საბოლოოდ, ფონდმა ურნების ღირებულების სახით 802.1 ათასი ლარი(ურნების ღირებულებას დაემატა გადასახადები) გადაიხადა.

“აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ ხელშეკრულების საფუძვლად გამოიყენა შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა, სადაც ურნების გამარტივებული წესით შესყიდვის აუცილებლობა დასაბუთებული არ არის. ნებართვა, რომელიც ფონდმა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის გამოიყენა, გაცემულია 2018 წლის 30 ივლისს, ხოლო ურნების შესყიდვა მოხდა 2018 წლის 3 ოქტომბერს. შესაბამისად, ორგანიზაციას ურნების შეძენის მიზნით ტენდერის გამოსაცხადებლად საკმარისი დრო გააჩნდა.

აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ურნების შეძენის ვადების გათვალისწინებით, ფონდს ჰქონდა საკმარისი დრო, რათა შესყიდვა ტენდერის საშუალებით განეხორციელებინა. შესაბამისად, მიზანშეწონილი იყო ორგანიზაციას გამარტივებული შესყიდვის წესის ნაცვლად, საქონელი ტენდერით შეესყიდა. მოქმედი კანონმდებლობით, ფონდი ვალდებული იყო ურნების საბაზრო ფასების დადგენის მიზნით ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა. ორგანიზაციამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა ბაზრის მოკვლევის ამსახველი დოკუმენტაცია”,– ნათქვამია ინფორმაციაში.