მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ დიღმის ჭალების პროექტის განხორციელება გადადო

5e2b094f62562
ანუკა ჯოხაძე
24.01.20 19:55
1421
თბილისის მერიამ დიღმის ჭალების პროექტის განხორციელება გადადო. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა.

ბითაძის თქმით, დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობაზე სამშენებლო ტენდერი 2020 წლის ბოლოს გამოცხადდება. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მეორე საქალაქო პარკის მოწყობა უფრო პრიორიტეტულია, კონკრეტულად კი საუბარია, თემქის ხევში პარკის მოწყობაზე.

"სამწუხაროდ, 2019 წელს ტენდერი ვერ ჩატარდა სამშენებლო ნაწილზე, იმიტომ რომ პროექტი უკვე გამზადებულია და საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ. მიმდინარე წელს დასრულდა თემქის ხევის, მეორე საქალაქო პარკის, საპროექტო ნაწილი და ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ გამოვაცხადოთ სამშენებლო ნაწილზე ტენდერი. მოსახლეობის გამოკითხვიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობა, რადგან თემქის ხევი 40 000 მოსახლეს ემსახურება. ხოლო უკვე წლის ბოლოსკენ გამოცხადდება დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობაზე ტენდერი", - ამბობს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

აღნიშნულ პროექტზე ტენდერი 2-ჯერ გამოცხადდა, თუმცა ორჯერვე უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერებში მონაწილეობას ცნობილი კონტაქტორი კომპანიები იღებდნენ. პირველი - "ინშაათ საქართველო", რომელიც ამ ეტაპზე კიკვიძის ბაღის სარებილიტაციო სამუშაოებზეა პასუხისმგებელი და რომელიც ყოველდღე ვადის დარღვევის გამო ჯარიმებს იხდის. მეორე პრეტენდენტი კი შპს "გრინსერვისი" იყო, რომელიც ახლა უკვე პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეა პასუხისმგებელი. მაია ბითაძის თქმით, ძირითადი პრობლემა სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები და საჭირო გამოცდილების არ ქონა იყო.

"იმ კომპანიების დისკვალიფიკაცია, რომლებიც დიღმის ჭალების ტენდერში იღებდნენ მონაწილეობას, განპირობებული იყო ერთი მხრივ იმით, რომ გარკვეული ხარვეზები იყო სატენდერო დოკუმენტაციის წარდენის დროს. ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კომპანიებს არ გააჩნდათ. "გრინერვისი" მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე გარემოსდაცვის მიმართულებით. ხოლო "ინშაათ საქართველოსთან" დაკავშირებით გვაქვს ჩვენ გარკვეული პრობლემები, კომპანია ყოველდღიურ ჯარიმებზეა", - განმარტავს ბითაძე.

ცნობისთვის, პროექტის მიხედვით, დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მთელ ტერიტორიაზე როგორც საფეხმავლო, ისე ველობილიკები მოეწყობოდა, ასევე განახლდებოდა არსებული მცენარეული საფარი, მოეწყობოდა ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, კაფე, საფეხბურთო მოედანი და სკეიტპარკი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება თავდაპირველად – 11 მილიონი, ხოლო შემდეგ 15 მილიონი ლარი იყო.