მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ იჯარით გაცემული ქონების ღირებულების შესახებ ინფორმაცია ვერ წარმოადგინა - აუდიტი

64381c8fbf65e
ალა ისპირიანი
13.04.23 19:30
668
აუდიტმა თბილისის მუნიციპალიტეტის და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტი მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

აუდიტის თანახმად, მუნიციპალიტეტში არ არის დაცული სტანდარტის მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში იჯარით გაცემული ქონება აღრიცხული არ არის აქტივად. შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „საინვესტიციო ქონების“ მუხლი არასწორად არის წარმოდგენილი.

„საინვესტიციო ქონებას უნდა დარიცხვოდა ცვეთის ხარჯი, რის გამოც ანგარიშგებაში (ფინანსური შედეგების ანგარიშგება) ძირითადი კაპიტალის მოხმარების მუხლი არ ასახავს რეალურ მონაცემებს, რაც გავლენას ახდენს (ფინანსური შედეგების ანგარიშგება) „წმინდა აქტივი/კაპიტალი“ მუხლის სისწორეზე.
თბილისის მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია იჯარით გაცემული ქონების ღირებულების შესახებ. საიჯარო ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი გაფორმებულია წინა საანგარიშგებო წლებში. პასუხისმგებელი პირის ინფორმაციით, იჯარით გაცემული ქონების ნაწილი აუდიტორული დასკვნით შეფასებული არ არის.

შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „საინვესტიციო ქონების“ მუხლის სისწორესთან დაკავშირებით.

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის (სსბასს 16-ის) შესაბამისად, 28 საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირდება ქონება, რომლის საშუალებითაც ხდება ფულადი სახსრების გენერირება ერთეულის სხვა აქტივებისგან დამოუკიდებლად. საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა, შენობა ან ორივე ერთად), რომელიც გამიზნულია სარგებლის მისაღებად იჯარით გაცემის გზით ან/და ღირებულების ზრდის შედეგად.

მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საოპერაციო იჯარის ხელშეკრულებით გაცემული აქვს 553 ერთეული ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა)", - წერს აუდიტის სამსახური.