მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა - ვის რა ეპატიება?

6035f3261564a
ინგა მურუსიძე
24.02.21 10:41
2049
თბილისის მერიამ სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მოამზადა. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი გასულ წელს მომზადდა და ის სამშენებლო მიმართულებით ამნისტიას ეხება. კალაძე დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს პარლამენტში დიდი მხარდაჭერა ექნება.

„ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც ქალაქში ათეული წელია არსებობს. საკანონმდებლო პაკეტი მომზადებულია და წარდგენილია პარლამენტში. რაც შეეხება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს: შეჯერებულია ყველა პრინციპი, რაც მნიშვნელოვანია ამ ინიციატივაში. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია k1, k2, k3 პარამეტრი, ექსტერიერი, ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოხაზების რაოდენობა, ამ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი - თუმცა, მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილია, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა, უნდა მოწესრიგდეს და მომავალში აღარ განმეორდეს.

„ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს წარმოადგენს თბილისის მოსახლეობა. მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური შემოწმების თაობაზე სათანადო რეაგირების შესაძლებლობას, თბილისში მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც დარღვევევით განხორციელდა და ამჟამად მესაკუთრეები თბილისელები არიან. ახალი კანონმდებლობა აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძებებს. ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით მომავალში გთავაზობთ შემდეგს - რამდენიმე წლის წინ ამგვარ დარღვევებზე გავზარდეთ ჯარიმები, რამაც ეფექტი იქონია, თუმცა კვლავ ვდგავართ პრობლემების პირისპირ, ამიტომ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. უკანონო მშენებლობის ხელმეორედ გაგრძელება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა, რომელსაც გადავახდევინებთ, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა, ხოლო თუ მეორედ არ იქნება გამოსწორებული, ის გადავა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი კალაძის განმარტებით, ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში შესვლის ნაწილს.

„2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობებში შესვლა და ცხოვრება, ექპლოატაციაში მიღებამდე. ექპლოატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის შესაბამისობის დადგენას პროექტთან და არსებულ წესებთან. ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომელიც ჯერაც არ არის ექპლოატაციაში მიღებული. კანონი ამას არ ზღუდავს და ადამიანები მსგავს შენობებში ცხოვრობენ. იმისთვის, რომ მსგავსი პრაქტიკა შეიცვალოს და იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, მშენებლობა აწარმოონ წესების შესაბამისად, რათა შენობა შევიდეს ექსპლოატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლოატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტრონერეგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა ასეთ მშენებლობებში ცხოვრებას. დღეს გვაქვს ასეთი რეალობა - მშენებელი ექსპლოატაციაში შესვლმადე მოახერხებს მის რეალიზაციას და აღარ აინტერესებს, შევა თუ არა შენობა ექპლოატაციაში და ადგილობრივ მცხოვრებლებს უწევთ სირბილი შენობის ექსპლოატაციაში შესვლაზე“, - განაცხადა კალაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს.