მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მეტრო რუსული Метровагонмаш-ისგან 49 მლნ ევროდ ახალ ვაგონებს იყიდის

61cd808a0cd21
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.21 13:47
4080
რუსულმა Метровагонмаш-მა გაიმარჯვა EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა. პროექტს თბილისის მერია და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სწორედ EBRD-ისგან მოზიდული კრედიტით აფინანსებენ და მის ფარგლებში ახალი ვაგონების შესყიდვასთან ერთად, დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს.

თბილისის მერიამ BMG-სთან დაადასტურა ტენდერში Метровагонмаш-ის გამარჯვება, რომელიც დედაქალაქს 49,190,000 ევროს ღირებულების 44 ვაგონს მიაწვდის. ლარებში შესყიდვის ღირებულება 172 მილიონია.

"EBRD-ის დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს "მეტროვაგონმაში". ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება დაგეგმილია მომავალი (2022) წლიდან და უნდა დასრულდეს 36 თვის განმავლობაში,"- განმარტავენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

მეტროს რეაბილიტაციის პროექტი EBRD-მა 2020 წელს დაამტკიცა, მისი მოცულობა 75 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 65 მილიონი ევრო არის კრედიტი.

უფრო ვრცლად, თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

რაც შეეხება Метровагонмаш-ს, მისი სამგზავრო შემადგენლობები ემსახურება მოსკოვის, ბაქოს, ტაშკენტის, სოფიას და სხვა ქალაქების მეტროს სისტემებს.