მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის მიკროავტობუსმა" 2018 წელს საქმიანობა ზარალით დაასრულა

5deca407bce79
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.19 11:14
1481
თბილისის მაცხოვრებელთა მიერ ყოველდღიურად მგზავრობისთვის გადახდილი 80 თეთრის მიუხედავად, კომპანია, რომელიც დედაქალაქში მიკროავტობუსების ოპერირებით არის დაკავებული, ყოველწლიურად სოლიდურ ზარალზე გადის.

2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “თბილისის მიკროავტობუსის” ჰოლდინგში შემავალი სამი კომპანიის “თბილ ქარ”-ის, “კაპიტალ გრუპ”-ისა და “თბილ ლაინი”-ს მიერ მიკროავტობუსების იჯარით გაცემისა და სამგზავრო მოსაკრებლისგან მიღებული შემოსავალი 22,865,888 ლარი იყო. თუმცა, ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა კომპანიებს ადმინისტრაციული, საფინანსო და სხვა ხარჯები დაეფარათ, რის გამოც, გასულ წელს მათმა ჯამურმა ზარალმა -6,632,704 ლარი შეადგინა.

აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, ამ სამი კომპანიის მიერ გასული 8 წლის განმავლობაში დაგროვილი ჯამური ზარალი -92,620,576 ლარს შეადგენს.

“თბილისის მიკროავტობუსში” არსებულ მძიმე ფინანსურ ვითარებაზე რამდენიმე დღის წინ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ გააკეთა. მისი თქმით, ზარალის მიზეზი გაზრდილ ფინანსურ ხარჯს უკავშირდება. “თბილისის მიკროავტობუსმა” საქმიანობის დასაწყებად და მიკროავტობუსების შესაძენად დოლარში ნომინირებული $63-მილიონიანი სესხი აიღო, ლარის გაუფასურების გამო კი მისი ფინანსური ხარჯი მკვეთრად გაიზარდა.

დავით ასანიძის განცხადებით, კომპანიის მიერ დაგროვილი ჯამური ზარალი 115 მილიონი ლარია (თბილისის მიკროავტობუსი 4 კომპანიას აერთიანებს, რომელთაგან სამის ფინანსური ანგარიშგება საჯაროდ, reportal.ge-ზე არის გამოქვეყნებული და მათი ჯამური ზარალი 92.6 მილიონია).

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, უარყოფითი ფინანსური მაჩვენებლების ერთ-ერთი მიზეზი, კომპანიის მიერ საქმიანობის დაწყებისას საჭიროზე 600-ით მეტი მიკროავტობუსის შეძენა გახდა. 

“ჩვენ 2011 წლიდან ვმუშაობთ და ლიცენზია გვაქვს 2031 წლამდე. საკონკურსო პირობების თანახმად, განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი. დაახლოებით, 63 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ. მაშინ ლარის კურსი დოლართან 1.65-ის ნიშნულზე იყო. ჩვენი ბიზნეს გათვლაც იყო ამ კურსზე და ჩადებული გვქონდა 10%-20%-იანი ცვლილება. ამის მერე კომპანიის იდეა იყო, რომ თუ დოლარი იმაზე მეტად შეიცვლებოდა, ვიდრე გვქონდა გათვლილი, ეს აისახებოდა ტარიფზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ლარის კურსი რადიკალურად შეცვლილია, მაგრამ ეს არ ასახულა ტარიფზე. ამის გარდა, თავიდანვე საჭიროზე 600 მიკროავტობუსით მეტი შევიძინეთ, რაც მერე გავყიდეთ და ამან 15 მლნ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა კომპანიას. დღეისთვის, რომ გითხრათ აუდიტორულად დადასტურებული ზარალი 115 მლნ ლარს შეადგენს. ჩვენ, ფაქტობრივად, ზარალზე ვმუშაობთ, რომელსაც კომპანიის მფლობელები ფარავენ“, - განაცხადა თბილისის მიკროვატობუსის გენერალურმა დირექტორმა.

ასანიძის თქმით, არსებული სოციალური ფონის გამო მგზავრობის ტარიფი 8 წელია არ გაზრდილა, რამაც კომპანიას რებრენდინგის საშუალება არ მისცა.

„8 წლის განმავლობაში მგზავრობის საფასურის შეცვლა მარტივად შეგვეძლო, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ეს არ გააკეთეს. ჩვენ გაგებით ვეკიდებოდით იმ ეკონომიურ მდგომარეობას, რაც არსებობს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ახალი ავტობუსები ჩამოვიდა, ამანაც მგზავრები მოგვაკლო. წინასწარი გათვლებით, დოლარის კურსი 20%-ზე მეტად რომ არ შეცვლილიყო, 2018 წელს ყველა მანქანა გამოცვლილი იქნებოდა, მაგრამ მარტო კურსის ცვლილებამ 50 მლნ-იანი ზარალი მოგვაყენა. ამის გარდა, გაძვირდა საწვავი, 2011 წლის შემდეგ ყველაფრის ფასები გაორმაგდა და ამ რიცხვში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომ არ შედის, რომ ის სუბსიდირებულია მერიის მხრიდან. დოტაციის თანხები დარწმუნებული ვარ, მათაც გაეზარდათ“, - განაცხადა დავით ასანიძემ.

შპს ,,თბილისის მიკროავტობუსი“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, ქ.თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის - შპს ,,თბილ ლაინის“, შპს ,,კაპიტალ გრუპის“, შპს ,,ფაბლიქ ქარის“ და შპს ,,თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს.