მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა პანდემიის პერიოდში? - Galt & Taggart-ის კვლევა

5f2c13037e5d5
ვიქტორია მღებრიშვილი
06.08.20 20:33
4808
ივნისიდან თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების აღდგენა დაიწყო, აპრილი-მაისში რეკორდული კლების შემდეგ - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ თბილისის უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.

2020 წლის მეორე კვარტლის მიმოხილვის მიხედვით, Covid-19-ისა და ეკონომიკის ჩაკეტვის გამო, აპრილში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ბინების გაყიდვები მკვეთრად -92.7%, მაისში კი -74.3%-ით შემცირდა. თუმცა, გაყიდვების შემცირების ტემპი 21%-მდე შენელდა ივნისში, რაც აღდგენის პირველი ნიშანი იყო.

Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ კლება უფრო მეტი ახალი ბინების კატეგორიაში იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარი იპოთეკურ სესხებზე 4%-იან სუბსიდიის სქემას ელოდებოდა.

სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის ივლისიდან შევიდა ძალაში. საინტერესოა, რომ 2020 წლის მე-2 კვარტალში გარეუბანში გაყიდვები კვლავ ჭარბობდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეუბნის მომხმარებული უფრო სენსიტიურია ეკონომიკური კრიზისების მიმართ.

„გაყიდვების მიხედვით ტოპ-5 უბნიდან 4 გარეუბნის - გლდანის, სამგორის, ისნის და დიდი დიღმის წილი ჯამური გაყიდვების 54.2%-ს შეადგენდა.

ჩვენი მოლოდინით, იპოთეკური სესხების სუბსიდიები და მოსახლეობის შემცირებული მსყიდველობითუნარიანობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გარეუბანში გაყიდვებს, რადგან სუბსიდიის პროგრამით მხოლოდ 200 000 ლარამდე გაცემული იპოთეკური სესხები ფინანსდება“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.


აქვე აღნიშნულია, რომ ახალი ბინების სეგმენტში ყველაზე გაყიდვადი საშუალო ზომის ბინებია - 51-80 მ2, რომელთა წილმა 2020 წლის მეორე კვერტალში მთლიანი გაყიდვების 49% შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ბინების (18-50 მ2 ) წილი 32%-მდე გაიზარდა (2019 წლის მეორე კვარტალი 28%). ძველი ბინების კატეგორიაში ასევე ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2 ). აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის ბინებზე (81-150 მ2) მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება.

დაბალფასიანი სეგმენტი კვლავ ყველაზე მოთხოვნადია, რაც იმის დასტურია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას დაბალი და საშულო შემოსავლის მქონე მოსახლეობა განაპირობებს. გაყიდვების 56% დაბალფასიან სეგმენტში დაფიქსირდა მაშინ, როცა აღნიშნულ პერიოდში პრემიუმ სეგმენტში გაყიდვებმა ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა (2019 წლის მეორე კვარტალში 13% შეადგინა).

მოთხოვნა საშუალო ზომის ბინებზე (51-80 მ2 ) თბილისის ყველა უბანში მაღალი იყო, გარდა გარეუბნებისა (სამგორი, გლდანი და ისანი), სადაც მოთხოვნა უფრო მცირე ზომის ბინებზეა (18-50 მ2 )“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.