მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ უბნებში გაიზარდა/შემცირდა ბინებზე ფასები - Galt & Taggart

5f9e8126f10e5
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.20 23:58
1539
2020 წლის მე-3 კვარტალში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მცირედით შემცირდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ უძრავი ქონების ბაზრის მესამე კავრტლის მიმოხილვაშია აღნიშნული. ანგარიშის ავტორები განმარტავენ, რომ ბინებზე ფასების შემცირება, სავარაუდოდ, ბიუჯეტურ/ეკონომსეგმენტში გაყიდული ბინების წილის ზრდითაა განპირობებული.

„2020 წლის ივლისში ახალი ბინების ფასი აშშ დოლარში წლიურად 8.6%-ით შემცირდა, ხოლო აგვისტოსა (-7.6% წ/წ) და სექტემბერში (-5.9% წ/წ) შემცირება შედარებით ნაკლები იყო. თუმცა, ფასების შემცირება მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ ბიუჯეტურ/ეკონომ სეგმენტში მეტი ბინა გაიყიდა და საბაზრო ფასების კორექციასთან საქმე ნაკლებად გვაქვს.

ცენტრალურ უბნებში ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო, ხოლო გარეუბნებში შედარებით სტაბილური. 2020 წლის მე-3 კვარტალში უბნების მიხედვით საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები შემდეგნაირად შეიცვლა:

• საბურთალო - 748 დოლარი (-8% წ/წ);
• დიდუბე - 681 დოლარი (+2% წ/წ);
• ისანი - 593 დოლარი (+3% წ/წ);
• დიდი დიღომი - 554 დოლარი (-1% წ/წ);
• გლდანი - 539 დოლარი (+5% წ/წ).

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მე-3 კვარტალში გაყიდული ბინების მახასიათებლები მცირედით შეიცვალა, რომლის მიხედვით, პრემიუმ სეგმენტში გაყიდული ბინების წილი შემცირდა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის გავლენით ახალი ბინების სეგმენტში ყველაზე გაყიდვადი საშუალო ზომის ბინებია (51-80 მ2), რომელთა წილმა 2020 წლის მე-3 კვარტალში მთლიანი გაყიდვების 52% შეადგინა (2019 წლის მე-3 კვარტალი - 48%).

„ძველი ბინების კატეგორიაში ყველაზე გაყიდვადი მცირე ზომის (18-50 მ2) ბინები იყო. აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის ბინებზე (81-150 მ2) მოთხოვნა მცირდება.

დაბალფასიანი სეგმენტი კვლავ ყველაზე მოთხოვნადია – ესაა დასტური იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა განაპირობებს. გაყიდვების 55% დაბალფასიან სეგმენტში დაფიქსირდა 2020 წლის მე-3 კვარტალში (2019 წლის მე-3 კვარტალი - 54%), მაშინ როცა პრემიუმ სეგმენტში გაყიდვებმა ჯამური გაყიდვების მხოლოდ 8% შეადგინა (2019 წლის მე-3 კვარტალი - 13%).

თბილისის ყველა უბანში საშუალო ზომის ბინებზე (51-80 მ2) მოთხოვნა მაღალი იყო, გარდა ცენტრალური უბნებისა (მთაწმინდა, ვაკე), სადაც მოთხოვნა უფრო დიდი ზომის ბინებზეა“, - ნათქვამია უძრავი ქონების კვარტალურ მიმოხილვაში.