მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო - TAV Georgia

62f6161f70cbe
BM.GE
12.08.22 12:55
1218
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.

მათი ცნობით, გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია - ADP Ingénierie (ADPI)-თან თანამშრომლობს, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს.

ADPI-ის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ისინი ადგილზე ეცნობიან აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე, შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უწყებების, საავიაციო ხელისუფლებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.

აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება და ის 2023 წლის იანვარში სახელმწიფოს გადაეცემა.

როგორც TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, დოკუმენტი მოიცავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ყველა მიმართულებას მომავალი 20 წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანია, რომ „ტავი“ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, სახელმწიფოს გადასცემს.

„ჩვენი დაკვეთით, ფრანგული კომპანია ADPI მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20-წლიან გეგმაზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ჯგუფს აქვს არაერთი შეხვედრა ჩვენს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან. დოკუმენტი დასრულებული სახით გვექნება წლის ბოლოსთვის და ჩვენ ამ დოკუმენტს გადავცემთ საქართველოს სახელმწიფოს“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.