მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელი 71-მილიონიანი ზარალით დაასრულა

604fb5236978f
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.21 00:00
1512
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელი 71.3 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა - ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. ზარალის ეს მოცულობა ფინანსთა სამინისტროს შეფასებას აღემატება, რომლის მონაცემებითაც 2019 წლის ზარალი 20 მილიონი ლარი იყო.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი კომპანიის ჯამური შემოსავალი 22 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 152.8 მილიონ ლარს მიაღწია. აქედან კომპანიის სატრანსპორტო შემოსავალი139.4 მილიონი ლარი, პარკირების შემოსავალი 5.6 მილიონი ლარი, სხვა შემოსავალი კი 7.8 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება მთავარ ხარჯებს, თანამშრომელთა ხელფასებზე 118.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, ძირითადი აქტივების გაუფასურება 34 მილიონი ლარი, საწვავის ხარჯი 24 მილიონი ლარი იყო, ცვეთა და ამორტიზაცია 21.1 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის ხარჯი 13.5 მილიონი ლარი იყო, სხვადასხვა სახარჯი მასალები 9.9 მილიონ ლარს, სხვა საოპერაციო ხარჯები კი 19.2 მილიონი ლარი იყო.

მთლიანობაში კომპანიის ხარჯები მის შემოსავლებს 71.3 მილიონი ლარით აღემატებოდა.

ზარალით დაასრულა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ საქმიანობა 2018 წელსაც, რაც 55.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

მეტროს და ავტობუსების მგზავრთნაკადი და შემოსავლები ასეთია:

მეტრო - 72,469,777 მგზავრი, შემოსავალი 67,851,000 ლარი;
ავტობუსები - 87,086,975 მგზავრი, შემოსავალი 66,802,000 ლარი;
შემოსავალი საბაგიროდან - 4,788,000 ლარი.

მოქალაქეთა არაერთი კატეგორია მეტროსა და ავტობუსებით მგზავრობისას გათავისუფლებულია ღირებულების გადახდის ვალდებულებისაგან, ან სარგებლობს ფასდაკლებით. დოკუმენტის თანახმად, ფასდაკლების შესაბამის ოდენობას კომპანიას თბილისის მერია უფინანსებს. 2019 წელს ამ დაფინანსების გზით, კომპანიამ მერიისგან 37,717,000 ლარი, 2018 წელს კი 37,644,000 ლარი მიიღო.

“2020 წლის განმავლობაში თბილისის მერიისგან ჯგუფმა მიიღო 35.1 მილიონი ლარი დაფინანსება კაპიტალში შენატანის სახით, რომელიც უნდა მიმართულიყო მეტროს სადგურებზე გასაწევი კაპიტალური დანახარჯების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ზოგადად საოპერაციო ხარჯებზე,”- ნათქვამია დოკუმენტში.

კომპანიის აქტივები 2019 წლის ბოლოსთვის 405 მილიონი ლარი იყო.