17.ივლისი .2022 11:32

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წელს 173 მილიონი ლარით იზარალა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წელს 173 მილიონი ლარით იზარალა
views 7038
უკან

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, რომელიც დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ოპერირებაზეა პასუხისმგებელი, 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 108.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა რაც 2020 წელთან შედარებით 26%-ით მეტია. თუმცა, შემოსავლებთან ერთად გაიზარდა კომპანიის ხარჯებიც, რის გამოც “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” გასული წელი 172.8 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო 2020 წელიც, როდესაც ის 149.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

როგორც 2021, ასევე 2020 წლის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა პანდემიური ვითარების გამო კონკრეტული თვეების განმავლობაში შეზღუდული იყო. შედარებისთვის, 2019 წელს, ანუ პანდემიამდე “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” 152.9 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. ამის მიუხედავად, კომპანია 2019 წელსაც ზარალზე იყო, რაც 71.3 მილიონ ლარს შეადგენდა. ზარალიანი იყო კომპანიისთვის 2018 და 2017 წლებიც, რაც 55.7 და 70.5 მილიონ ლარს შეადგენდა. მთლიანობაში კომპანია მოგების მიღებაზე ორიენტირებული არაა და მისი საქმიანობა სუბსიდირებად სფეროს წარმოადგენს, რაშიც თანხას არაპირდაპირი სახით გადასახადის გადამხდელები იხდიან. 

2021 წელს კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

შემოსავალი ავტობუსებიდან - 53.1 მილიონი ლარი;
შემოსავალი მეტროდან - 38.6 მილიონი ლარი;
შემოსავალი საბაგიროდან - 1.5 მილიონი ლარი.

კომპანიამ პარკინგის სერვისიდან 2021 წელს 6.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის უმსხვილესი ხარჯი მასში დასაქმებული 6,300 ადამიანის ხელფასი იყო, რაზეც 121.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ცვეთამ და ამორტიზაციამ 52.8 მილიონი ლარი შეადგინა, საწვავის ხარჯებმა 25 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის ხარჯებმა კი 21 მილიონი ლარი.

2020 წლის განმავლობაში კომპანიამ საკუთარი ავტოპარკი მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგანაც შესყიდული იყო BMC-ის მარკის 100 და Isuzu Novositi Life-ის მარკის 180 ავტობუსი.

2020 და 2021 წლებში “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” თბილისის მერიის დავალებით, 600 მიკროავტობუსი შეიძინა და იჯარით გადასცა თბილისში მიკროავტობუსების კერძო ოპერატორ “თბილისის მიკროავტობუსს”. ეს ტრანზაქცია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში ზარალად არის აღრიცხული.

“2021 წელს მიკროავტობუსების გაყიდვით მიღებული ზარალი წარმოადგენს ზარალს, რომელიც კომპანიამ განიცადა მანამდე ფინანსური იჯარის მოთხოვნად ფლობილი მიკროავტობუსების გაყიდვის ტრანზაქციის შედეგად. 2020 წლის განმავლობაში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ შეისყიდა 300 მიკროავტობუსი, რათა ისინი იჯარით გაეცა შესყიდვის ოფციით. ეს ოფცია გამოყენებული იქნა 2021 წლის 1 ივლისს.

2021 წლის მეორე ნახევარში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ შეისყიდა და იჯარით გასცა კიდევ 300 მიკროავტობუსი. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიკროავტობუსები აღრიცხულია როგორც მოთხოვნა ფინანსურ იჯარაზე. ფინანსური იჯარის მოთხოვნის აღიარებით მიღებული ზარალი შეადგენს 9,948,000 ლარს,”- ნათქვამია დოკუმენტში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წლიურ ანგარიშში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის განახლებულ ტარიფებზეც არის საუბარი.

“2022 წლის თებერვლიდან თბილისში შეიცვალა სატრანსპორტო სისტემა. ამოქმედდა ერთიანი ტრანსპორტის სისტემა. შეიცვალა მგზავრობის ღირებულება. თბილისის მერიამ შემოიღო ვადიანი სამგზავრო ბარათები (ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი, ერთწლიანი), ხოლო ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება 0.5 ლარიდან 1 ლარამდე გაიზარდა. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ აგრეთვე შეიცვალა შემოსავლის გამომუშავების სისტემა. კერძოდ, ყველა სატრანსპორტო მომსახურება ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთო. ეს ნიშნავს, რომ ჯგუფი შემოსავალს გამოიმუშავებს ავტობუსისა და მეტროს ბიზნეს-ერთეულებით დაფარული მანძილისა და საბაგირო გზის მუშაობის ხანგრძლივობის საფუძველზე,”- ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა