მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გადატანის თარიღი უცნობია - „დაფინანსებას როგორც ვშოულობთ, ისე ვაკეთებთ"

5fbe741e0ab81
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 15:07
3078
თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცხოველებისთვის ვოლიერების მშენებლობა მუდმივ პროცესს წარმოადგენს.

თბილისი ზოოპარკის გადატანის პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 45 მლნ დოლარია, რამდენიმე ქვეპროექტადაა დაყოფილი და სხვადასხვა ცხოველებისთვის საჭირო სამყოფელის მოწყობისთვის ტენდერების გამოცხადებით სრულდება.

BM.GE-სთან საუბრისას ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ დღეისთვის ძველი ზოოპარკიდან ახალ ვოლიერებში უკვე გადაყვანილი არიან მგლები, დათვები, ცხენები, ფოცხვერები, ირმები, ნიამორები, დომბები, დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები, ერთკუზიანი აქლემები და აფრიკული ძაღლები.

„ახლახანს დავასრულეთ ავიარიუმის მშენებლობა - ეს არის დიდი - ლეშიჭამია, წყალმცურავი ფრინველების ვოლიერის მშენებლობა და ახლა ვემზადებით აფრიკული სავანის ვოლიერის მშენებლობისთვის“, - აცხადებს ზოოპარკის დირექტორი.

მისი ინფორმაციით, აფრიკული ცხოველების ვოლიერები 7.5-8.0 ჰა-ზე იქნება განთვასებული და მისი ღირებულება დაახლოებით 1.7 მლნ ლარი იქნება.

„დაფინანსებას როგორც ვშოულობთ ისე ვაკეთებთ. პროექტები ვედებში არ არის გაწერილი.

აფრიკული სავანის მშენებლობა მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. არ გვაწყობს, რომ გამოვაცხადოთ და ჩავარდეს ტენდერი, რაც ხდება ხოლმე. გვინდა ისეთ დროს გამოვაცხადოთ ტენდერი, რომ ინტერესი იყოს. ამ პროექტის მიხედვით უნდა გაკეთდეს დიდი ტბა ბეჰემოთებისთვის, ზამთრის შენობა ბეჰემოთებისა და ჟირაფებისთვის და თუ ჩავატიეთ ანტილოპების სახლიც“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

კითხვაზე - როდისთვის უნდა ველოდოთ თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გახსნას, დირექტორი ამბობს, რომ დღეისთვის ინფრასტრუქტურა მხოლოდ ცხოველებისთვის ეწყობა.

„თუ შევძლებთ დამთვალიერებლისთვის გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ტენდერზე, რომელიც ახლა უნდა გაიმართოს. მცირეოდენი ინფრასტრუქტურა ახლაც რომ მოვაწყოთ, შეიძლება გავხსნათ თბილისის ზღვაზე ზოოპარკი, მაგრამ მშენებლობა დამთვალიერებელს გარკევულ დისკომფორტს შეუქმნის, რადგან სამუშაო პროცესები გრძელდება. ამიტომ ზუსტად ვერ ვამბობ როდისთვის შეიძლება მივიღოთ დამთვალიერებლები“, - უთხრა BM.GE-ის გურიელიძემ.

მისი თქმით, ყველა ვოლიერი უმაღლესი სტანდარტით შენდება თუმცა საწყის ეტაპზე ისეთ ცხოველებზე კეთდება აქცენტი, რომლებიც კლიმატს ადვილად ეგუებიან.

„როგორც კი გადავალთ ტროპიკულ და სამხრეთ ამერიკულ, აზიურ ტროპიკებზე მაშინ ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ამ ცხოველებისთვის საჭირო მიკროკლიმატის შექმნისთვის არანაკლები თანხები იქნება საჭირო, რაც მშნებელობისთვის“, - აღნიშნა მან.

ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, დღემდე გაკეთებულ ვოლიერებზე შემდეგი თანხები დაიხარჯა: ავიარიუმი - 1.2 მლნ ლარი; ნიამორების, ირმების, დათვების, მგლების ვოლიერები - 120 ათასი ევრო; დომბების ვოლიერების მშენებლობა 100 000 ლარი; აფრიკული ძაღლების - 200 000 ლარამდე; ფოცხვერების - 50 000 ლარამდე.