08.ივნისი .2021 23:00

თბილისის ზღვის განვითარების პროექტი, რომელიც $207 ათასი დაჯდა, არ განხორციელდება

თბილისის ზღვის განვითარების პროექტი, რომელიც $207 ათასი დაჯდა, არ განხორციელდება
views 2739
უკან

თბილისის ზღვის განვითარების პროექტი, რომელიც $207 ათასი დაჯდა, არ განხორციელდება - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასიალაიმ განაცხადა. როგორც ბასილაია ამბობს, ადგილზე ჩატარდა დენდროლოგიური კვლევა, რომლის საფუძველზეც პროექტის განხორციელებამ აზრი დაკარგა. ბასილაიას განმარტებით, ადგილზე დამატებით კიდევ არსებობს პრობლემები, რაც პროექტს აძვირებს, ამიტომ ამ ეტაპზე პროექტი გაჩერებულია.

“თბილისის ზღვის პროექტი რამდენიმე წლის წინ შემუშავდა. ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია კომპანია gwp-სთან. ეს კომპანია წყლის დისტრიბუტორია თბილისში და იყენებს თბილისის ზღვის რეზერვუარს, ამიტომაც მათი თხოვნით, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და განისაზღვრა სანიტარული დაცვის ზონები. ამ კვლევამ შეუსაბამო გახადა ეს პროექტი, რადგან მშენებლობა კონკრეტულ არეალებში შეზღუდულია. თბილისის ზღვასთან მიმართებაში სხვა პრობლემებიც არის, უმეტესი ტერიტორია არის კერძო საკუთრებაში, დედაქალაქს ადგილზე ტერიტორია პრაქტიკულად არ აქვს. ეს კიდევ დამატებით სირთულეა, იმიტომ რომ საჭირო იქნება კერძო ტერიტორიების გამოსყიდვა", - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

ცნობისთვის, დედაქალაქის მთავრობამ „თბილისის ხელოვნური წყალსაცავის“ გარე ტერიტორიის ტურისტულ, დასასვენებელ და სავაჭრო ცენტრად გადაქცევის კონკრეტული გეგმა 2017 წლის ივლისში წარადგინა. თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარების კონცეპტუალური გეგმა მერიის დაკვეთით მსოფლიოში ცნობილმა საკონსულტაციო კომპანია PwC-მა მოამზადა. პროექტის მიხედვით, ადგილზე შესაძლებელი იყო 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

კვლევის ავტორები ქალაქის მთავრობას თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, დასასვენებელი ზონებითა და კომერციული ფუნქციებით დატვირთვას ურჩევდნენ.
PwC-ის ანალიზით, თბილისის ზღვას ჰქონდა პოტენციალი, 262 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოეზიდა. აქედან, კერძო სექტორის წილს საინვესტიციო პროექტებში შეიძლება 158.79 მილიონი ევრო ყოფილიყო, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციად კი, 4.69 მილიონი ევრო მოიაზრებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა