მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისში 12 000-მდე ობიექტია, რომელიც ჯერ ექსპლუატაციაში მიღებული არაა“ - მაია ბითაძე

60d4ce063b69a
თამთა ჯიჯავაძე
25.06.21 00:14
984
პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობს. კანონპროექტით რეგულირდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი. ამასთან, მისი მიღებით, მშენებლობადამთავრებული ობიექტების მესაკუთრეებს მიეცემათ საშუალება, თავიანთი საკუთრება დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა.

მშენებლობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

მისი თქმით, პრაქტიკულად ოცი წელია დედაქალაქში ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების პრობლემაა.

„საუბარია ობიექტებზე, რომლებზეც თავის დროზე მშენებლობის ნებართვა გაცემულია, თუმცა, დარღვეულია მშენებლობის ნებართვის პირობები, ამიტომ ვერ ხდება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. შესაბამისად მოქალაქეები სრულფასოვან საკუთრებად ვერ ირეგისტრირებენ ამ ქონებას, ვერ სარგებლობენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი დაფინანსებით, რეესტრში ამონაწერი არის მშენებარე ობიექტი, ახალ მშენებლობის ნებართვას ვერ იღებენ, რომ გადააკეთონ, თუ კერძო სახლზე ან კომერციულ ობიექტზეა საუბარი“, - აღნიშნა ბითაძემ.

როგორც მან განაცხადა, მრავალსართულიან კორპუსებს აქვთ დარღვეული მშენებლობის ნებართვის ისეთი პირობები, ისეთუ როგორიცაა პანდუსის დახრილობა, მოპირკეთების მასალა, ღიობი, და ა.შ, რის გამოც თუ ობიექტი არ დაინგრა, ვერ გასწორდება.

„არადა იქ უკვე ოცი წელია ადამიანები ცხოვრობენ. მსგავსი დაახლოებით 12 000 ობიექტია, რომლის ექსპლუატაციაში მიღების აქტი არ არის გამოცემული და ვერც გამოიცემა. ამიტომ რეალურად ამნისტია ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ ობიექტები დანგრევის გარეშე მიიღოს სახელმწიფომ ექსპლუატაციაში, თუმცა, არა უპირობოდ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამნისტიის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირმა, დეველოპერი იქნება თუ სხვა, მუნიციპალიტეტში უნდა შეიტანონ ობიექტის სეისმომდგრადობაზე, სახანძრო უსაფრთხოებაზე, და შიდა კონსტრუქციული ნაგებობების საექსპერტო დასკვნები, რის შემდეგაც დაიწყება განხილვის პროცედურები.

„რადგან ეს კანონში დროებითი მუხლი იქნება, მისი ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. მუნიციპალიტეტს დაინტერესებულმა პირმა, იმ 12 000-მდე ობიექტის მფლობელმა, ორი წლის ვადაში უნდა მიმართოს. მიმართვის შემდეგ კიდევ ორი წელი შეიძლება მიეცეთ პირებს რომ გამოასწორონ ის, რისი გამოსწორებაც შეიძლება, მაგალითად, შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ა.შ“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ სამომავლოდ მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნას, კანონში გარკვეული მუხლები მკაცრდება. „სანებართვო პირობების დარღვევა ის პროცესი იყო, რომელზედაც ჩვენ ორი წლის წინ გავაათმაგეთ ჯარიმები და 20-25-30 000-იანი ჯარიმები დაწესდა, თუმცა, დეველოპერების მხრიდან გამიზნულად თუ არაგამიზნულად მაინც ირღვეოდა პირობები. ამიტომ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ორჯერ დაჯარიმების შემდეგ დეველოპერი გააგრძელებს მშენებლობის ნებართვის დარღვევას.

ამას გარდა, შემოგვაქვს ექსპლუატაციაში მიღების ახალი პირობა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ეს არის დენის და გაზის მიწოდების შეზღუდვა გარდა სამშენებლო მიზნებისა და მანამ ვიდრე ობიექტი შენდება. რაც დამეთანხმებით, რომ აბსოლუტურად გონივრულია. ვინაიდან დღეს გვაქვს შემთხვევები, როდესც ობიექტი არ არის ჯერ დასრულებული და იქ ადამიანები ცხოვრობენ“, - განაცხადა მან.