თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება.
"მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.