მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ძირითად სავაჭრო ქუჩებზე 7000 კვ.მ კომერციული ფართი დაცარიელდა – Colliers

5f6256be32822
თამთა ჯიჯავაძე
17.09.20 00:12
2265
2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, თბილისში მნიშვნელოვნად გაზრდილია ვაკანტურობის კოეფიციენტი ძირითად სავაჭრო ქუჩებზე – პეკინზე, ჭავჭავაძეზე, რუსთაველსა და აღმაშენებელზე. ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

კერძოდ, მიმოხილვის მიხედვით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ვაკანტურობა 10%-დან 19%-მდე გაიზარდა, რუსთაველზე ეს მაჩვენებელი 2019 წლის მიწურულს 4%-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში 12%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. პეკინზეც დიდი ზრდა დაფიქსირდა, 3%-დან 9%-მდე. ყველაზე ნაკლებად ვაკანტურობის ზრდა ჭავჭავაძის გამზირს შეეხო, რადგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ისედაც მაღალ ნიშნულზე იყო აღნიშნული მაჩვენებელი.

„ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 7000 კვ,მ დაცარიელდა ძირითად სავაჭრო ქუჩებზე და სპეციფიკა ისაა, რომ აღმაშენებელზე უფრო საკვები ობიექტები ტოვებენ ფართებს, რუსთაველზე ძირითადად ტანსაცმლის ოპერატორები და პეკინზე ძირითადად სერვისის ოპერატორები“, – აღნიშნა BMG-სთან ინტერვიუში Colliers International Georgia-ს დირექტორმა ირაკლი კილაურიძემ.

რაც შეეხება ფასებს, მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში საშუალო შეწონილი იჯარა შემცირდა სამ ძირითად სავაჭრო ქუჩაზე. კერძოდ, პეკინზე საშუალო შეწონილი იჯარა 2%-ით შემცირდა და 34.6 აშშ დოლარი შეადგინა კვადრატულ მეტრზე, ხოლო ჭავჭავაძესა და აღმაშენებელზე 1%-იანი კლება შეინიშნა და აღნიშნული მაჩვენებელი 29.5 და 25.5 აშშ დოლარს შეადგენს. რუსთაველზე კი საშუალო შეწონილი იჯარა 4%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია დაბალ გადამხდელი კატეგორიის მოიჯარეების გასვლით აღნიშნული გამზირიდან.

ამგვარად, კვლევის მიხედვით, არსებულ კონტრაქტებში გამოიკვეთა იჯარის შემცირების ტენდენცია -10%-20% დიაპაზონში. რაც შეეხება ახალ კონტრაქტებს, აქაც ფასის კლების ტრენდია და მერყეობს -25%-დან -35%-მდე. მიუხედავად იჯარის ფასის კლებისა ახალ და არსებულ ხელშეკრულებებში, ჯამურ მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, რადგან პოსტ-კოვიდ პერიოდში მხოლოდ 30-მდე იჯარა დაიდო/განახლდა.