24.სექტემბერი .2019 09:00

თბილისში გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის გენერალური ასამბლეის სესია იმართება

უკან

დღეს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - “OriGIn”-ის გენერალური ასამბლეის სესია იმართება.

სესიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO), გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების უწყების, იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

"საქპატენტის" ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებიან ისეთი ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტების მწარმოებლები, როგორებიცაა, ,,ტეკილა“, ,,პროსეკო“, ,,ბავარიული ლუდი“, ,,ყველი პარმიჯანო რეჯანო“, ,,მოდენას ბალზამიკოს ძმარი“, ,,პარმას ლორი“ და სხვა.

კონფერენციის ჩატარებისა და პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციის გამართვის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის პოპულარიზაციას, ამ სფეროში ქართველ მეწარმეთა ცნობიერების ამაღლებას, უცხოელ მეწარმეებთან მათ უშუალო კონტაქტების დამყარებას და საკუთარი პროდუქციის გაცნობას.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღნიშვნისთვის, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით. გარემო პირობებში იგულისხმება ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი მახასიათებლები.

საქართველოში, დღეის მდგომარეობით, დაცულია 48 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა