მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მიღებული გამოცდილება მწვანე პროექტების სხვა ქვეყნებში დანერგვაში დაგვეხმარა - EBRD

63ccf61e494d4
თამთა ჯიჯავაძე
22.01.23 13:08
697
თბილისში მიღებული გამოცდილება მწვანე პროექტების სხვა ქვეყნებში დანერგვაში დაგვეხმარა, - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თბილისი პირველი ქალაქი იყო, რომელიც EBRD-ის „მწვანე ქალაქების“ ფლაგმან პროექტს შეუერთდა და საკმაოდ წარმატებულადაც.

„პროექტით ქალაქების მთავრობებს ქალაქის გარემოსდაცვითი მენეჯმენტისთვის ყოვლისმომცველი გეგმების შედგენით ვეხმარებით. თბილისისთვის ეს წამოწყება წარმატებული იყო, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, რვა პროექტი განვახორციელეთ. როგორც თბილისელებმა იციან, იგეგმება მოქალაქეების კერძო ტრანსპორტიდან საჯარო ტრანსპორტზე გადაყვანა. ამგვარად, მეტროს განვითარება, მისი ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება, რაც, თავისთავად, ჰაერის დაბინძურებას შეამცირებს და ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს - ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა მარკ ბოუმენმა.

შეგახსენებთ, EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან და EBRD-ის მაღალი დონის დელეგაციამ შეხვედრები გამართეს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან. გარდა ამისა, EBRD-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა 50.6 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. სესხის გარდა, ფინანსური პაკეტი მოიცავს 5 მილიონ ევრომდე საინვესტიციო გრანტს მწვანე კლიმატის ფონდისგან (GCF). EBRD თბილისისთვის ამ თანხებს სწორედ "მწვანე ქალაქების" იმ ინიციატივის ფარგლებში გამოყოფს, რომლის შესახებაც ბოუმენმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ EBRD-მა საქართველოში დღემდე 5 მილიარდზე მეტი ევროს ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80%-ზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს.