მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა განახევრდება

5f928437be9e9
სალომე მეცხვარიშვილი
23.10.20 11:20
2862
თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა განახევრდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა, დედაქალაქში ნაცვლად 3 ათასი მიკროავტობუსისა, იმოძრავებს 1200-1500-მდე ერთეული.

“მეტის საჭიროება არ არის”, - აღნიშნა კალაძემ და განაცხადა, რომ მიკროავტობუსებს ექნებათ სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დამაკავშირებლის ფუნქცია. რა მარშრუტით იმოძრავებენ ახალი მიკროავტობუსები, დღეს 14:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც მერია შესაბამის პრეზენტაციას გამართავს.

მერის განცხადებითვე, დღეს დედაქალაქში უკვე შემოყვანილია 200 ახალი მიკროავტობუსი. თბილისის მერია პირველ ეტაპზე სულ 300 ახალი ერთეულის შეძენას აპირებს.

კახა კალაძემ ახალ მიკროავტობუსებთან ერთად დღეს 126 ახალი, BMC-ის მარკის გაზზე მომუშავე ავტობუსები წარადგინა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად კომპანია "ჯი-თი მოტორსი" გამოავლინა, რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობს. გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ Ford-ის კონკურენტის, Hyundai-ის დისკვალიფიკაციის შემდეგ მიიღო.

“ჯი-თი მოტორსის" წინადადებით, წარდგენილ მიკროავტობუსებში 17 სამგზავრო ადგილი იქნება, ამასთან, ერთი მიკროავტობუსის შესასყიდი ფასი 101,656 ლარი იქნება. ტექნიკური პარამეტრების თანახმად, ახალი მიკროავტობუსის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე ქალაქში 9 ლიტრის ფარგლებში უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ 300 მიკროავტობუსის ჩანაცვლების პროექტი დედაქალაქის მერიამ საკუთარ თავზე აიღო. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია.