26.ნოემბერი .2022 00:10

თბილისში მოქმედი რეგულაციები მუნიციპალიტეტებსაც შეეხებათ - რა იცვლება ახალი კანონპროექტით?

თბილისში მოქმედი რეგულაციები მუნიციპალიტეტებსაც შეეხებათ - რა იცვლება ახალი კანონპროექტით?
views 781
უკან

დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით რეფორმების ფარგლებში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შედის.

კანონის ის მუხლები, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე და სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ერთსა და იმავე დარღვევებზე სანქციებს და დაჯარიმების წესს განსხვავებულად განსაზღვრავდნენ, ან მხოლოდ დედაქალაქში არეგულირებდნენ, გავრცელდება ასევე სხვა მუნიციპალიტეტებზე და ერთიანი მიდგომა დამკვიდრდება.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, დგინდება ჯარიმა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრის, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებითვისაც. პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციულ სახდელებზე რეაგირებას მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.

ჯარიმა დგინდება შესაბამისი ნებართვის გარეშე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისათვისაც.

კანპონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტებში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ხოლო ცვლილების შედეგად ამ ფუნქციას მუნიციპალიტეტები შეასრულებენ.

კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა. როგორც მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი bm.ge-სთან განმარტავს, პროექტი ამ ეტაპზე პარლამენტში საკომიტეტო განხილვებს გადის. ცვლილების ძალაში შესვლა მომავალი წლიდან არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა