მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მშრალი პორტი აშენდება, სავარაუდო ინვესტიცია 27 მლნ ლარია

60851dde8cc79
თელარა გელანტია
25.04.21 12:51
7141
თბილისში მშრალი ტვირთის შენახვაზე გათვლილი სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი აშენდება, რომლის სავარაუდო ინვესტიცია 27 მლნ ლარია.

როგორც bm.ge-მ გაარკვია, ინვესტიციას კომპანია „თბილისი დრაი პორტი“ განახორციელებს.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სწორედ შპს „თბილისი დრაი პორტს“ გადაეცემა თბილისში,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - აღნიშნული გადაწყვეტილება 1 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. კერძოდ, საუბარია თბილისში, ქინძმარაულისა და რქაწითელის ქუჩებზე მდებარე 11 ერთეულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, „პროექტის კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით და პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, აგრეთვე, მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს და გადაიქცევა რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად“.

„გადაცემულ ქონებებზე კომპანია არანაკლებ 3000 ერთეული კონტეინერის, ასევე, არანაკლებ 6000 ტონა მშრალი ტვირთის შენახვაზე გათვლილი სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრის/მეურნეობის შექმნას გეგმავს, რისთვისაც 27 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მიმართულების განვითარებას, მისი მეშვეობით საგრძნობლად განიტვირთება ცენტრალური ავტომაგისტრალი და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა ბიძგს მისცემს მსხვილ საერთაშორისო ლოჯისტიკურ კომპანიებს, დაიწყონ თანამედროვე სტანდარტებით აქტიური ოპერირება საქართველოში“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: შპს „თბილისი დრაი პორტი“ დაფუძნებულია 2021 წლის 28 იანვარს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ინვეკო“, რომელიც 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მის 100%-იან წილს ბიზნესმენი ჯემალ ინაიშვილი ფლობს. კომპანიის ანგარიშის თანახმად, ის ძირითადად ლოგისტიკურ ბიზნესში არის ჩართული და ფლობს საკონტეინერო გადაიზდვების გლობალური ბრენდის "ემ ეს სის" ქართული შვილობილის 20%-იან წილს. ჯემალ ინაიშვილი ამასთანავე, ერთ-ერთი მსხვილი მეტალურგიული კომპანია "ჯეოსთილის" დირექტორია.

საინვესტიციო პროექტის განხორციელების ვადებსა და სხვა საკითხებზე, Bm.ge ეცდება მეტი დეტალი უშუალოდ ბიზნესმენ ჯემალ ინაიშვილისგან გაიგოს.