მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში "მაკდონალდსის" ორი ახალი რესტორანი გაიხსნა

5f3a605c57b59
BM.GE
17.08.20 14:29
6190
„მაკდონალდს საქართველო“ რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა. „მაკდონალდსის“ უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს.

რესტორნების ოფიციალური გახსნის ცერემონია 17 აგვისტოს კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში გაიმართება. ღონისძიებას ამერიკის ელჩი, კერი დეგნანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი, თემურ ჭყონია და კომპანიის გენერალური დირექტორი, თენგიზ კაპანაძე დაესწრებიან. სტუმრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერებენ რესტორანს, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.

„ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, „მაკდონალდსი“ აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით ჩვენ მოვახერხეთ 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.“- აცხადებენ კომპანიაში.

• აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ მიერ 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი თანხა 19 985 000 ლარს შეადგენს;
• მიმდინარე წელს კომპანიამ ბიუჯეტში 5 750 000 ლარი შეიტანა.
• 2020 წელს ორი ახალი რესტორნის მშენებლობისთვის განხორციელდა 12 500 000 ლარის ინვესტიცია;
• 2019 წელს კი ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 000 000 ლარი იყო.
2021 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს ორი მასშტაბური პროექტი:
• პურ-ფუნთუშეულის საწარმო - 23 375 000 ლარის ინვესტიცია
• „მაკდონალდს საქართველოს“ სწავლებისა და გადამზადების ცენტრი - 9 000 000 ლარის ინვესტიცია
„მაკდონალდსთან“ ერთად ახალ რესტორნებში განთავსდა მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი „მაკკაფეც“, რომელიც პრემიუმ ყავისა და დესერტების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. აგრეთვე ორივე ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი.

თითოეული რესტორანი 160-მდე სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასის ტიპის ღია სივრცეებს. რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიებისა და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ და დახვეწილ მოდელს: სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული შშმ პირებზე.

ახალი რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მათ კონსტრუქციაზე მუშაობდა თავის სფეროში ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა ავსტრალიური „Juicy Design” (ინტერიერის დიზაინი), შვეიცარიული „Franke“ (სამზარეულო), ავსტრიული „Schloffer” (შიდა ავეჯი), ფრანგული „Aubrilam“ (ტერასის ავეჯი)...

„მაკდონალდსი“ მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში. კახეთის გზატკეცილზე მდებარე ფილიალის მშენებლობა უკავშირდება კომპანია „მეტტას“, ხოლო აღმაშენებლის ხეივნის რესტორნის მშენებელი კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენია“. კომპანია მადლობას უხდის მის პარტნიორ „თიბისი ბანკს“ დაფინანსებისთვის.

მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 18 ობიექტს მოიცავს.